ახალი ამბები

ტყიბულელი მეშახტეები დაპირებების მიღების შემდეგ გაფიცვას ასრულებენ

3 ნოემბერი, 2018 • 1538
ტყიბულელი მეშახტეები დაპირებების მიღების შემდეგ გაფიცვას ასრულებენ

ტყიბულში მომუშავე მეშახტეები, რომლებიც 2 ნოემბერს გაიფიცნენ კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით, გაფიცვას ასრულებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ უთხრა, გაფიცულებს აკმაყოფილებთ ის პირობები, რაც მთავრობისგან და კომპანიისგან მიიღეს.

მისი თქმით, დღეს, 3 ნოემბერს, ერთად შეკრებილი მეშახტეები საბოლოოდ იმსჯელებენ პირობებზე, დაიშლებიან და დაელოდებიან მიღებული პირობების შესრულებას.

კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მეშახტეებს ხელფასს (დეკემბრის ჩათვლით) გადაუხდიან, თუმცა, კონკრეტულად ვინ გააკეთებს ამას, ჯერჯერობით ისევ უცნობია. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ხელფასებს აუცილებლად გადაუხდიან დასაქმებულებს, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” კი ისევ ამბობს, რომ გადახდას ვერ მოახერხებს. თუმცა, ისინიც ამბობენ, რომ მეშახტეები ანაზღაურებას მიიღებენ, რისი “გარანტი არის ეკონომიკის სამინისტრო”. რა გეგმა აქვს სამინისტროს, უცნობია.

გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტყიბულის შახტში დასაქმებულებს “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” განუცხადეს, რომ შეჩერებული სამუშაოების პირობებში კომპანიას მათთვის ანაზღაურების გაცემა აღარ შეეძლო და მათ უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ. სამუშაოები ოთხი მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე. ამის მიუხედავად, კომპანია იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას იხდიდა.

როგორც ისაკაძე ამბობს, მეშახტეები “მოლოდინის რეჟიმში რჩებიან” და ელოდებიან, როდის გადაუხდიან კუთვნილ ანაზღაურებას. მათ ასევე სურთ სამუშაოების უსაფრთოდ გაგრძელება.

უცნობია, ვინ გადაუხდის ხელფასს ტყიბულის შახტში დასაქმებულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი