ახალი ამბები

უცნობია, ვინ გადაუხდის ხელფასს ტყიბულის შახტში დასაქმებულებს

2 ნოემბერი, 2018 • 1992
უცნობია, ვინ გადაუხდის  ხელფასს ტყიბულის შახტში დასაქმებულებს

კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასს გადაუხდიან, თუმცა, კონკრეტულად ვინ გააკეთებს ამას, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს, 2 ნოემბერს, ტყიბულის შახტში დასაქმებულებს “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” განუცხადეს, რომ შეჩერებული სამუშაოების პირობებში კომპანიას მათთვის ანაზღაურების გაცემა აღარ შეუძლია და უხელფასო შვებულებაში უშვებს.

ამის გასაპროტესტებლად ტყიბულში გაფიცვა დაიწყო. 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში რჩება, მეშახტეების ნაწილი კი მერიის წინ არის შეკრებილი პროტესტის ნიშნად. ტყიბულში, ზაფხულში ოთხი მეშახტის დაღუპვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, ივნისში შახტებმა მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა კომპანია  მოცდენის ანაზღაურებას იხდიდა.

ტყიბულში გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, ტყიბულის მეშახტეებისთვის ხელფასების გადახდა არ შეწყვეტილა, ხოლო ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრიდან აღდგება.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია აწარმოებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით კვლევა ჩაატარა.

“ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დამთავრდება დეკემბერში. იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. სანამ ეს მუშაობა დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ მოხდება ხელფასების გადახდა.

მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ხელფასები იქნება გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობას აღვადგენთ, ეს მუშაობა იქნება უსაფრთხო”, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის განცხადების შემდეგ “ნეტგაზეთი” “საქნახშირის” დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს დაუკავშირდა. “საქნახშირი” “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც ტყიბულში მდებარე შახტებს მართავს.

ჯაყელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ შეჩერებული სამუშაოების ფონზე, ამ სამი თვის მანძილზე კომპანიამ ხელფასებთან ერთად მილიონ რვაასიათას-ორმილიონიანი ხარჯი გასწია და მომავალში დასაქმებულებისთვის თანხის გადახდას ვეღარ შეძლებს. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ჯაყელის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

როგორც “ნეტგაზეთს” “საქნახშირის” დირექტორმა  უთხრა, კომპანია სამი თვის განმავლობაში უხდიდა ხელფასს მეშახტეებს:

“იმედი გვქონდა, რომ დავიწყებდით ქვანახშირის მოპოვებას. მოლაპარაკება გვქონდა ბანკებთან, რომ  მოგვცემდნენ გარკვეულ თანხებს. თუმცა მუშაობა არ განახლდა და კომპანიას აღარ შეუძლია ხელფასების გაცემა. მოტყუებული რომ არ დაგვეტოვებინა ხალხი, “საქართველოს ინდუსტირული ჯგუფის” დირექტორმა მითხრა, რომ დასაქმებულები გამეფრთხილებინა”, – ამბობს ჯაყელი.

“მორიგეობა და უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელი პირობაა. დაახლოებით 200-220 ადამიანი იმორიგევებს, რადგან შახტები ხანგრძლივადაც რომ დაიხუროს, გარკვეული სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ამ  ადამიანებს კომპანია კვლავ გადაუხდის ხელფასს. მთლიანად შახტში 1300 ადამიანია დასაქმებული” – ამბობს ჯაყელი.

“საქნახშირის” დირექტორთან საუბრის შემდეგ “ნეტგაზეთი” ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, თუ რას ეფუძნებოდა მინისტრის დღევანდელი განცხადება და ვინ გადაუხდიდა დასაქმებულებს ხელფასს დახურული შახტის პირობებში. სამინისტრს პრეს-სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ანაზღაურებას კომპანია გადაუხდის.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” ისევ საქართველოს “ინდუსტრიული ჯგუფის” ფინანსურ დირექტორს, ზურაბ გელენიძეს დაუკავშირდა. თავდაპირველად გელენიძემ გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. მოგვიანებით კი ის “ნეტგაზეთს” თავად დაუკავშირდა:

“თავიდან ბოლომდე იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა, ჩვენ გვაქვს სრული ერთსულოვნება და რადგანაც განცხადება გაკეთდა, დარწმუნებულები ვართ დეკემბრის ბოლომდე სამუშოები განახლდება და ხელფასებიც დარიგდება. ამის გარანტი არის ეკონომიკის სამინისტრო”, – თქვა გელენიძემ.

გელენიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ამჟამად კონკრეტულ სქემასთან დაკავშირებით მიდის შეთანხმება. თუმცა კითხვაზე, გადაიხდის თუ არა კომპანია დასაქმებულების შრომის ანაზღაურებას, გელენიძე აცხადებს, რომ ამას არ გულისხმობს:

“ეკონომიკის სამინისტროს აქვს გარკვეული მონახაზი ამ საკითხთან დაკავშირებით, მიდის ამ სქემაზე მუშაობა, მაგრამ რადგანაც მინისტრმა თქვა, რომ ხელფასის გადახდა განხორციელდება, ყველა შემთხვევაში ეს საკითხი იქნება განხორციელებული”, – ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი