ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, 15-მდე მუშა პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

2 ნოემბერი, 2018 • 1997
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, 15-მდე მუშა პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ.

გაფიცვა 2 ნოემბერს, დღისით დაიწყო ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით.

15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში რჩება, მეშახტეების ნაწილი კი მერიის წინ არის შეკრებილი პროტესტის ნიშნად —უთხრა “ნეტგაზეთს” პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

დოლაბერიძის ცნობით, დღეს ჯი აი ჯი ჯგუფის ადმინისტრაციამ მუშებს განუცხადა, რომ აღარ აქვს საშუალება, ხელფასები გადაუხადოს მეშახტეებს და ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

ჯერჯერობით უცნობია დათხოვნილთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა დოლაბერიძემ გვითხრა, რომ თითქმის მთელ კონტიგენტზეა საუბარი. ადმინისტრაციამ სამუშაოდ დატოვა მხოლოდ ის მორიგეები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია.

დოლაბერიძის თქმით, გაზაფხულზე ოთხი მეშახტის დაღუპვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, ივნისში შახტებმა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა კომპანია იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას იხდიდა.

როგორც დოლაბერიძემ გვითხრა, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში კომპანია იხდიდა ხელფასებს ისე, რომ ნახშირს არ მოიპოვებდა, პირველი ნოემბრიდან კი განაცხადა, რომ ვეღარ გადაიხდიდა ხელფასებს.

დაელოდეთ დამატებით დეტალებს “ნეტგაზეთზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი