ახალი ამბები

მეშახტეებს ხელფასებს გადაუხდიან – ეკონომიკის მინისტრი

2 ნოემბერი, 2018 • 2707
მეშახტეებს ხელფასებს გადაუხდიან – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ტყიბულის მეშახტეებისთვის ხელფასების გადახდა არ შეწყვეტილა, ხოლო ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრიდან აღდგება.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია აწარმოებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით კვლევა ჩაატარა.

“ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დამთავრდება დეკემბერში. იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. სანამ ეს მუშაობა დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ მოხდება ხელფასების გადახდა. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ხელფასები იქნება გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობას აღვადგენთ, ეს მუშაობა იქნება უსაფრთხო”, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრი ვარაუდებს, რომ სამუშაოები დეკემბერში აღდგება.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ.

გაფიცვა 2 ნოემბერს, დღისით დაიწყო ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით.

15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში რჩება, მეშახტეების ნაწილი კი მერიის წინ არის შეკრებილი პროტესტის ნიშნად —უთხრა “ნეტგაზეთს” პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

დოლაბერიძის ცნობით, დღეს ჯი აი ჯი ჯგუფის ადმინისტრაციამ მუშებს განუცხადა, რომ აღარ აქვს საშუალება, ხელფასები გადაუხადოს მეშახტეებს და ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

ჯერჯერობით უცნობია დათხოვნილთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა დოლაბერიძემ გვითხრა, რომ თითქმის მთელ კონტიგენტზეა საუბარი. ადმინისტრაციამ სამუშაოდ დატოვა მხოლოდ ის მორიგეები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია.

დოლაბერიძის თქმით, გაზაფხულზე ოთხი მეშახტის დაღუპვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, ივნისში შახტებმა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა კომპანია იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას იხდიდა.

როგორც დოლაბერიძემ გვითხრა, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში კომპანია იხდიდა ხელფასებს ისე, რომ ნახშირს არ მოიპოვებდა, პირველი ნოემბრიდან კი განაცხადა, რომ ვეღარ გადაიხდიდა ხელფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი