ახალი ამბები

ევროსაბჭოს კომისრის ანგარიში მოსმენებზე, 17 მაისსა და ადამიანის უფლებების სხვა საკითხებზე

12 მაისი, 2014 • • 1073
ევროსაბჭოს კომისრის ანგარიში მოსმენებზე, 17 მაისსა და ადამიანის უფლებების სხვა საკითხებზე

ევროსაბჭოს კომისარი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სასამართლოებში წინასწარი პატიმრობის შემთხვევების გამოყენების პრაქტიკა შემცირებულია, ხოლო გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაზრდილია, რაც მუჟნიეკსის აზრით, როგორც ჩანს, არის იმ პრაქტიკისაგან თავის დაღწევის სიგნალი, რომლის დროსაც თითქმის ავტომატურ რეჟიმში ხდებოდა პროკურატურის შუამდგომლობების დამტკიცება.


Council of Europe Commissioner for Human Rights Nils Muiznieks. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV
Council of Europe Commissioner for Human Rights Nils Muiznieks. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

 

“მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა სიფხიზლე, რათა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მოსამართლეები დაცული იყვნენ მათ საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისაგან”, – ნათქვამია ანგარიშში.


ევროსაბჭოს კომისარი ასევე საუბრობს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებაც და აცხადებს, რომ ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს გარანტირებული თავისუფალი სასამართლოს უფლება.


“მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს საკმარისად სტაბილური, რათა გაუძლოს ხელისუფლების ცვლილებებს არჩევნების შედეგად. შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებულ სასამართლო (სამართლებრივ) საქმეებში ხარვეზების არსებობის შესახებ გაკეთებული მტკიცე განცხადებები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა თავისუფალი სასამართლოს პატივისცემის, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით ყველას მიმართ”.

 

მუჟნიეკსი მიესალმება საქართველოს მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, თუმცა კომისარი ხელისუფლებას მეტის გაკეთების რეკომენდაციას აძლევს სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და საქართველოს საზოგადოებაში ტოლერანტობის გასაძლიერებლად:

 

“ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2013 წლის 17 მაისის აქციაზე, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ სფეროში გაბედული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის ნათელი მაგალითია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტორებმა და საზოგადოებრივმა ლიდერებმა ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის მხარდასაჭერად ცალსახა მესიჯები უნდა აგზავნონ. ნათელი უნდა იყოს, რომ ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტი ადამიანების მიმართ არ იქნება შეწყნარებული”.


როგორც ცნობილია, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე. პროექტის ის ვერსია თანასწორობის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებდა დისკრიმინატორების დაჯარიმების უფლებით. მიმდინარე წლსი იანვარში საქართველოში ვიზიტად მყოფ მუჟნიეკსს სწორედ ეს კანონპროექტი გააცნეს და მის ანგარიშში იგი წერს, რომ ამ ვერსიას უჭერს მხარს. თუმცა როგორც ცნობილია, შემდგომში კანონპროექტი შეიცვალა და პარლამენტს განსხვავებული სახით წარედგინა, რამაც არასამთავრობოების აზრით მნიშვნელოვნაც შეამცირა მისი ეფექტიანობა. ნეტგაზეთის შეკითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს იგი ამ ცვლილებაზე, მუჟნიეკსი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია ის თუ როგორ მოხდება კანონის იმპლემენტაცია. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ამ კუთხით განსხვავებული მიდგომები არსებობს. მისივე განმარტებით, მთავარია, რომ კანონის იმპლემენტაცია იყოს ეფექტური, რადგან შესაძლოა, ფურცელზე რაღაც ეწეროს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდებოდეს. გარდა ამისა, მუჟნიეკსმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანონში დისკრიმინაციის საფუძვლები დაკონკრეტდა.

 

 

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი ის პრობლემები, რაც კომისრის აზრით რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებთ. იგი ხაზს უსვამს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის აცულებლობას საჯარო სამსახურში, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უმცირესობებისათვის გასაგებ ენებზე მაუწყებლობას:

 

“ნეგატიური და ღია მტრული დამოკიდებულება მუსლიმებისა და სხვა გაერთიანებების მიმართ სერიოზული შეშფოთების საგანია. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უკეთესად ინტეგრირება მოხდეს საქართველოს საზოგადოებაში. ეს ითვალისწინებს პრაქტიკული და სამართლებრივი ბარიერების მოხსნას თურქი–მესხების რეპატრიაციისათვის”.

 

ანგარიშში ნილს მუჟნიეკსი საუბრობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირების აუცილებლობაზეც:

“მხედველობაში მაქვს რა, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გამომჟღავნებული მასალები, რომელიც წინა პერიოდში სასამართლოს ნებართვის გარეშე თვალთვალს შეეხებოდა, ახლანდელ ხელისუფლებას ადამაინების პირადი ცხოვრების უფლების დაცვისაკენ მოვუწოდებ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–8 მუხლის შესაბამისად”.

 

კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს განახორციელოს უკანონო ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალების ფლობის კრიმინალიზაცია და შეაგროვოს ყველა მსგავსი სახის მასალა, რომელიც შესაძლოა უკვე კერძო პირების ხელშიც აღმოჩნდა.

 

“ფიზიკური და ტექნიკური თვალთვალის აქტივობები უნდა დარეგულირდეს და ასეთი მოქმედებები მხოლოდ სათანადო სასამართლო კონტროლის პირობებში უნდა განხორციელდეს”.

 

კომისარი მიესალმება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და მისთვის ადეკვატური მხარდაჭერისა და რესურსების გადაცემის რეკომენდაციასაც იძლევა.

“სატელეკომუნიკაციო ოპერატორების შენობებში სათვალთვალო აპარატურის არსებობა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო პროვაიდერებისაგან ყველა კომუნიკაციაზე დაშვების საშუალებას აძლევს, ასევე უნდა გადაიჭრას”, – ნათქვამია ანგარიშში.


ნეტგაზეთმა კომისარს ჰკითხა, რას გულისხმობს, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრაზე საუბრობს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელბა მხოლოდ შესაბამისი დემოკრატიული და სასამართლო კონტროლის ქვეშ უნდა ხორციელდებოდეს. ამ კუთხით, კომისარი სასამართლოს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტის როლს უსვამს ხაზს.

 

ნილს მუჟნიეკსი საქართველოს მიმდინარე წლის იანვარის ბოლოს სტუმრობდა, მან შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციისა და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ანგარიში სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი