ახალი ამბები

გვარამია: ხაზი დაცვის ყოფილ უფროსამდე, ვლადიმერ ბუნტურიძემდე მიდის

9 მაისი, 2014 • • 1944
გვარამია: ხაზი დაცვის ყოფილ უფროსამდე, ვლადიმერ ბუნტურიძემდე მიდის

“გასაგებია რაც ხდება, ჩვენი პოზიცია ზუსტადაც რომ ეს არის, რომ ახლა თვითონ გამოავლინეს აქ აგენტები, გასაგებია, რომ ვიღაცა შიგნიდანაც მოკავშირე უნდა ჰყოლოდათ და ეს ხაზი მიდის ახლა ბატონ ბუნტურიძემდე, რომელიც კოვზიაშვილამდე იყო დაცვის უფროსი და შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გახდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის არის გარეული ამ საქმეში და ჩვენებაც მივეცი ამასთან დაკავშირებით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გვარამიამ.

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, ვლადიმერ ბუნტურიძე ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

რაც შეეხება დაცვის უფროსის გათავისუფლებას, “რუსთავი 2”–ის გენერალური დირექტორის განცხადებით, თეიმურაზ კოვზიაშვილი თანამდებობიდან ნამდვილად დაითხოვეს და მისი გათავისუფლება ჩანაწერების აღმოჩენის შემდეგ სრულიად ლოგიკური იყო.

გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ამ წუთებში ეცნობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მისთვის ეს დეტალები არ უცნობებიათ და კონკრეტულ დღესთან ან ვიდეოსთან დაკავშირებით შეკითხვები არ დაუსვამთ. 

 

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, გვარამიას თქმით, ის 2012 წლის 21 დეკემბერს დაკავებული იყო, ამიტომ ჯერჯერობით არ იცის დეტალები, თუ რა ხდებოდა ამ დღეს “რუსთავი 2”–ის შენობაში.

“მე 21 დეკემბერს ვიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ახლა ვარკვევ ამას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ შემოწმება, რადგან ჩვენ სულ გვქონდა ეჭვი, რომ აქ რაღაც იყო”, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ბრალი პროკურატურამ სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს წარუდგინა.

პროკურატურამ “რუსთავი 2”–ში შესაძლო უკანონო თვალთვალზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულ სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი