ახალი ამბები

შეეძლოთ თუ არა ნიკა გვარამიას ფარულად მოსმენა კანონიერი გზით?

6 მაისი, 2014 • • 3167
შეეძლოთ თუ არა ნიკა გვარამიას ფარულად მოსმენა კანონიერი გზით?

“უნდა ინახოს, ხომ არ არსებობს სასამართლო განჩინება, რომლითაც გაიცა ნებართვა ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის მიყურადების თაობაზე. თუ ასეთი ნებართვა არსებობდა, მაშინ მიყურადება ყოფილა კანონიერი, თუ ასეთი ნებართვა არ არსებობდა, მაშინ მიყურადება ყოფილა უკანონო”, – IPN–ის ცნობით, ეს განაცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა რუსთავი 2–ის მიერ გასაჯაროებულ მასალებთან დაკავშირებით. ხმალაძის თქმით, ასევე გასარკვევია, საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მიყურადების პროცესს ტელეკომპანიის მენეჯერთა კაბინეტებში.

 

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა სახის შუამდგომლობებით აქვს პროკურატურას მიმართული გვარიამიას საქმეზე სასამართლოსთვის, თუმცა ამ უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზოგადად ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ნებართვის მიღებისათვის პროკურატურისა და სასამართლოს კომუნიკაციას უკავშირდბა, საიდულო “გრიფი” ადევს, ანუ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაიცემა.


გვარამია
გვარამია

 

“რუსთავი 2″–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2012 წლის,21 დეკემბერს ბრალი სისხლის სამართლის 4 მუხლის მიხედვით წაუყენა. 20 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ვანო მერაბიშვილი და ნიკა გვარამია საუბრობდნენ. იმვე დღეს ამ უწყებამ გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერის შუამდგომლობა პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლომ მისცა: 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, ანუ ოფიციალური ვერსიით იმ პერიოდში გამომძიებლები საუბარს კანონიერად უსმენდნენ.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი გოცირიძე, რომელიც პერსონალური მონაცემების საკითხზე მუშაობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან დაკავშირებით ძალიან ბუნდოვანია, რადგან საგამოძიებო უწყებებს ამ პროცესის დიდი ხნით გაწელვის საშუალებას აძლევს. იურისტის თქმით, კონკრეტულ ვადას უწყებრივი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, რომელსაც საიას გამოცდილებით ყოველთვის საიდუმლო “გრიფი” ადევს, ანუ გარკვეული თვალსაზრისით ეს ქმნის საშუალებას, რომ ადამიანის ფარული მოსმენა და მიყურადება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, თან ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “კანონიერი საფუძვლების თემით” დღეს გავრცელებული მასალები ვერ “გაპრავდება”, რადგან 2013 წლის ივნისში, რა დროსაც მათ მიერ მოპოვებული კადრებია გადაღებული, “თელასის საქმეზე” გამოძიება უკვე დასრულებული იყო და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ამ დროს კი ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებები წყდება:

“სასამართლო პროცესის დროს არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება, არც ფარული და არც ღია: გამოძიება უკვე დამთავრებულია და სასამართლოშია გადაცემული. ეს ის დრო იყო, როცა ჩვენი სასამართლო პროცესი უკვე გახურებული იყო. ამ პერიოდში ჩემი მოსმენა ვერანაირად ვერ იქნებოდა კანონიერი. გამოძიების სტადიაზე ხდება საპროცესო ქმედებების განხორციელება. საქმე როცა სასამართლოში მიდის, გამოძიება დასრულებულად ითვლება და ახალი მტკიცებულბების მოპოვება აღარ ხდება. ამ ვითარებაში რომელი მტკიცებულებაღა უნდა მოეპოვებინათ?!” – ამბობს ნიკა გვარამია, რომელსაც ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს, ხოლო არსებითი განხილვა 2013 წლის მარტში დაიწყო.

 

იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბრალდების მხარე სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე ვალდებულია დაცვის მხარეს შეატყობინოს, რომ მის წინააღმდეგ ამა თუ იმ მტკიცებულების გამოყენებას აპირებს. იურისტის თქმით, როდესაც უკვე სასამართლო მიმდინარეობს, საგამოძიებო უწყება იმ ეპიზოდზე პირს ფარულად კანონიერად ვეღარ მოუსმენს, ვერც ნებართვას მიიღებს სასამართლოსაგან. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელბა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანს სხვა ეპიზოდზე უთვალთვალებენ. სხვა ახალი სამართლებრივი საქმის გამოძიების დაწყების თაობაზე, რომელშიც ნიკა გვარამიაც იქნება ჩართული, არც ერთ საგამოძიებო უწყებას: პროკურატურას, შსს–ს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა, რომ პროკურატურას “რუსთავი 2”–ის საქმეზე მისცა ჩვენება, რითიც მიანიშნა, რომ გამოძიება ამ თემაზე მუშაობს:

“დაკითხვაზე ვიყავი სააკაშვილის მონაწილეობით სხვადასხვა საქმესთან, “რუსთავი 2”-ის, ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ეს მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ვიყავი მოწმის სახით, თუმცა დეტალებს ჩემი სუბიექტური მიზეზების გამო არ ჩავუღრმავდები, ჩემი ვარაუდით, ამ საქმეზე ჩემი დაკითხვა კიდევ გაგრძელდება”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

ნიკა გვარამიას თქმით კი, დღეს გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს რომ სასამართლოს კანონიერი სანქცია ჰქონდეთ, ამას უკვე მრავალჯერ გამოაქვეყნებდნენ:

 

“სად არის? ამდენი ხანი რომ იყოს სანქცია, რამდენჯერ გამოაქვეყნებდნენ ხომ არ იცით?! ჯერ ერთი ჩემი მოსმენა ჩემ წინააღმდეგ პროცესებით თუა ნაკარნახევი, შუბლაძის წინააღმდეგ, მე მგონი, არანაირი პროცესები არ მიმდინარეობდა”,  – ამბობს ნიკა გვარამია.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელბისათვის იმუნიტეტის წყაროს არ წარმოადგენს, თუმცა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც “ეს შენ გეხება” ლობირებს და რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუ ეს უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას”, აღნიშნული კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედების ხანგრძლივობის კონკრეტული ვადის განსაზღვრასაც ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი