ახალი ამბები

ომბუდსმენს ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემნეტაციისთვის ფინანსური რესურსები არ აქვს

6 მაისი, 2014 • • 953
ომბუდსმენს ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემნეტაციისთვის ფინანსური რესურსები არ აქვს

“საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, რაც საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესისათვის არსებითი მნიშვნელობისაა.

 

საქართველოს სამართლებრივ სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შექმნილი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტისა და საზოგადოებაში თანასწორობის სულისკვეთების დამკვიდრების პროცესს.

 

მიუხედავად დადებითი შეფასებისა, საქართველოს სახალხო დამცველს მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გააჩნია სამი არსებითი ხასიათის შენიშვნა, რაც ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენის ეფექტურად იმპლემენტაციისათვის გადამწყვეტია და ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

ამ შენიშვნების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება და ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოს სახალხო დამცველის მიერ ამ მიმართულებით ეფექტური საქმიანობა. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში. აღნიშნული ფორმულირება გულისხმობს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებას და კერძო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე შესწავლის ჩატარებასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციის მომზადებას. თუმცა ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი კერძო (ფიზიკურ თუ იურიდიულ) პირებს არ ავალდებულებს მიაწოდონ საქართველოს სახალხო დამცველს საქმის შესწავლისათვის აუცილებელი მასალები, დოკუმენტები თუ ინფორმაცია. ამ ფორმულირებით, საქართველოს სახალხო დამცველს კერძო სფეროში მომხდარი დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის შესწავლისათვის მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის განცხადება და მის მიერ მიცემული ახსნა–განმარტება რჩება, რაც საქმის ყოველმხრივ შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა”,  – აცხადებს ნანუაშვილი და დასძენს, რომ გარდა ამისა, კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუძლია, რაც კერძო სექტორს კვლავ საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის სრულად განხორციელების მიღმა ტოვებს.

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

 

“როგორც უკვე აღინიშნა, კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი საქართველოს სახალხო დამცველს აძლევს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოცემული რეკომენდაციაზე პასუხის გაუცემლობის ან მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს როგორც დაინტერესებულმა პირმა, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეფექტური მექანიზმი- როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე, კერძო პირებისათვის- საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დაკისრება იქნებოდა.

 

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის არსებითად მიიჩნევს რამდენიმე ადმინისტრაციული ხასიათის საკითხს. კერძოდ, წარმოდგენილი კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც გარდაუვალია ამ მნიშვნელოვანი დამატებითი ფუნქციის განხორციელებისათვის. დამატებითი ფინანსური სახსრები აუცილებელია სრულყოფილი საგანმანათლებლო საქმიანობისა და კვალიფიციური კადრების მობილიზებისათვის. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არა გააჩნია საკმარისი ადამიანურ-ფინანსური რესურსები დაიწყოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. აუცილებელია მინიმუმ სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების დაუყოვნებლივ გამოყოფა, რათა მოხერხდეს სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და დისკრიმინაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შენიშვნა არის არსებითი ხასიათის, იმისათვის, რომ მიღებული კანონის ეფექტურად იმპლემენტაცია მოხდეს მისი აპარატის მანდატის ფარგლებში”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი