ახალი ამბები

როდის ეყოლება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში? – ტრამპის მრჩევლის პასუხი

26 ოქტომბერი, 2018 • 2817
როდის ეყოლება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში? – ტრამპის მრჩევლის პასუხი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თბილისში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 26 ოქტომბერს, კითხვა დაუსვეს, როდის დანიშნავს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ელჩს.

“ეს უკავშირდება სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს. მეორე მხრივ, ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას. ის გადასარევად უძღვება საელჩოს, სანამ ახალ ელჩს დაამტკიცებენ”, – ასე უპასუხა ბოლტონმა დასმულ შეკითხვას.

ამერიკის ელჩის მოვალეობას 2018 წლის აპრილიდან ელიზაბეთ რუდი ასრულებს მას შემდეგ, რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პენსიაზე გავიდა.

24 ოქტომბერს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელს ჰკითხა, იცოდა თუ არა იმის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნა. როგორც ჟიჟილაშვილმა თქვა, მას თავისი წყაროებით აქვს ინფორმაცია, რომ ელჩის პოსტზე მოიაზრება ბრიჯიტ ბრინკსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს და ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ეკა გიგაურმა ჟიჟილაშვილს დაუდასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს. მან “შემაშფოთებელი” უწოდა აღნიშნულს.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრა. მისი ვიზიტი 20 ოქტომბერს დაიწყო და შეხვედრებისას განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი