ნეტგაზეთი | შს მინისტრის მოადგილე: გამოძიებას ბავშვის მკვლელობაზე აქვს კონკრეტული შედეგები შს მინისტრის მოადგილე: გამოძიებას ბავშვის მკვლელობაზე აქვს კონკრეტული შედეგები – Netgazeti
Batumelebi | RU

შს მინისტრის მოადგილე: გამოძიებას ბავშვის მკვლელობაზე აქვს კონკრეტული შედეგები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, გუშინ, 25 ოქტომბერს, გორში მოკლული ბავშვის საქმეზე გამოძიება კონკრეტულ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები, რომელზეც ვისაუბრებთ უახლოეს საათებში”, – უთხრა რუსთავი 2-ს მინისტრის მოადგილემ.

ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს. ეს კი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული  ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

9 წლის ბავშვი  მოკლული გორში  25 ოქტომბერს, საღამოს იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. გოგონას მშობლებმა მისი ძებნა გუშინ შუადღისას დაიწყეს და პოლიციას მიმართეს. სკოლიდან დაბრუნებული ბაშვი მუსიკის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა მუსიკალურ სკოლაში არ გამოჩენილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.