პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ნატოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება.
საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი მარგველაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს.
შეხვედრისას ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი ესტუმროს ბრიუსელს ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შესახვედრად.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში 2014 წლის 1 მაისს დაიწყო. აპატურაი დღეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს.
