“შოკისმომგვრელი იყო” – გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუზე

“ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს. ინტერვიუს, რომელიც გუშინ, 23 ,გავიდა და რომელსაც 3 ჟურნალისტი ესწრებოდა, ვაშაძემ შოკისმომგვრელი უწოდა. მისივე განმარტებით, ივანიშვილის პასუხები საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

როგორც ვაშაძემ დღეს, 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ივანიშვილმა ინტერვიუში თავის მართლება სცადა საზოგადოების პრეტენზიების წინაშე, თუმცა, ვაშაძის თქმით, “ისე გამოვიდა, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩაეტარებინა ეს პრესკონფერენცია”.  მისივე თქმით, საზოგადოებამ ინტერვიუდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაიგო.

” პირველი – ბატონი ივანიშვილი სრულიად უჭერს მხარს “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, იმის თაობაზე, რომ ომი 2008 წელს რუსეთთან დაიწყო საქართველომ და მან დაბომბა თავისი მოსახლეობა. მეორე – აღმოჩნდა, რომ მას უფრო მჭიდრო და ურყევი კავშირი აქვს ფარცხალაძესთან, ვიდრე გვეგონა.

ინტერვიუს დიდი ნაწილი მან მიუძღვნა ფარცხალაძის დაცვას და შეგვატყობინა, რომ ის არაფერშია დამნაშავე და არავითარი გამოძიება მის მიმართ საჭირო არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან მშვენივრად იცოდა ყიფიანის სარდაფში ჩაყვანაზე”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მარიხუანისგან წარმოებული პროდუქტების ექსპორტის კანონპროექტთან აკავშირებს ბიზნესინტერესიც.

“მან აგრეთვე შეგვატყობინა, რომ დათუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება შესანიშნავად მიმდინარეობს და ყველა უნდა დაველოდოთ ისე, როგორც დღემდე ველოდებით ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემას ან რაფალიანცის გამოძიებას, შემიძლია კიდევ ათობით ასეთი საქმე ჩამოვთვალოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, შოკისმომგვრელი იყო ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ მაღალჩინოსნებს იცავდა, რომლებმაც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ძვირადღირებული სახლები ააშენეს.

“ის [ივანიშვილი] კიდევ ბედავდა და გვეუბნებოდა, რომ თუ თქვენ გათიშავთ თავისუფალ  მედიას, რუსთავი 2-ს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ თქვენ ცხოვრობთ გასაოცარ დემოკრატიაში და აყვავებული ეკონომიკის პირობებში”, – ამბობს ვაშაძე.

ვაშაძის მიერ დასახელებულ საკითხებსა და ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია – ივანიშვილი

რუსთავი 2 რომ გამორთოთ, აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ — ივანიშვილი

ივანიშვილი ადასტურებს, რომ სამედიცინო მარიხუანის წარმოების იდეის ერთ-ერთი ავტორია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან