ნეტგაზეთი | რაში გამოიყენებს საპატრიარქო ერთ ლარად გადაცემულ ფართს რაში გამოიყენებს საპატრიარქო ერთ ლარად გადაცემულ ფართს – Netgazeti
RU | GE  

რაში გამოიყენებს საპატრიარქო ერთ ლარად გადაცემულ ფართს

“მიხაილოვის საავადმყოფოს” ყოფილ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ ახლად გადაცემული შენობების ხარჯზე საკვირაო სკოლის, უფასო სასადილოს გაფართოებასა და ახალგაზრდული ცენტრის დაარსებას გეგმავს.

საპატრიარქოსთვის გადაცემული შენობები, რომელიც აღმაშენებლის გამზირის #60-ში მდებარეობს, მიხაილოვის საავადმყოფოს კომპლექსში შედიოდა. საკადასტრო გეგმის მიხედვით, ახლად გადაცემული ნაგებობა ორია: ერთი, ორსართულიანი შენობა, ხოლო მეორე, ერთსართულიანი მცირე მინაშენი ამ შენობაზე. ორივე შენობის საერთო ფართი 750 კვადრატული მეტრია, ხოლო იმ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართი, რომელზეც ეს შენობა მდებარეობს, 472 კვადრატული მეტრს შეადგენს.

ხედი დიმიტრი უზნაძის ქუჩის მხრიდან, უკანა პლანზე  ჩანს გადაცემული შენობა
ხედი დიმიტრი უზნაძის ქუჩის მხრიდან, უკანა პლანზე ჩანს გადაცემული შენობა

შენობა, რომელიც საპატრიარქოს მთავრობის 23 აპრილის განკარგულებით გადაეცა, მეოცე საუკუნის შუა ხანებში აშენდა. ვლადიმერ ჟღენტმა, რომელიც საქართველოში პათანატომიის დამაარსებლად მიიჩნევა,  შენობაში პათანატომიის კათედრა, ლაბორატორია და პროზექტურა განათავსა, ხოლო მის გვერდით მდებარე გაუქმებულ ეკლესიაში, რომელსაც მიებჯინა ახლად აშენებული შენობა, პათანატომიის კათედრის აუდიტორია მოეწყო, სადაც სტუდენტებს ლექციები ეკითხებოდათ.

მართლმადიდებლური ეკლესია 1895 წელს “მიხაილოვის საავადმყოფოს” კომპლექსთან ერთად აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გაუქმდა, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,1995 წლიდან გაუქმებულმა ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

 

ახლად გადაცემული შენობა, სადაც სასრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი მდებარეობდა
ახლად გადაცემული შენობა, სადაც სასრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი მდებარეობდა

ახლად გადაცემულ შენობაში სასწრაფო დახმერების პუნქტი იყო განთავსებული. ხოლო 2010 წლიდან, “მიხაილოვის საავადმყოფოს” გადატანის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის ნაწილი მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარმა მიიერთა და სამი ოთახი დაიკავა მონასტრის საჭიროებისთვის.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, ტაძრის წინამღვარი ამბობს, რომ ეს შენობა წლების განმავლობაში ინგრეოდა და საფრთხეს უქმნიდა თავად ეკლესიას. ეკლესიამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ბალანსზეც მდებარეობს ეს შენობები და მთლიანად “მიხაილოვის საავადმყოფოს” შენობა ეკლესიას გადაეცა. 

“შენობის სხვისთვის გადაცემა იქნება სრულიად გაუგებარი, რადგან ამ შენობის ნაწილი ჩვენ გვიკავია და პლუს ამას ეკლესიაზეა მიდგმული, დანგრევას არ ექვემდებარება, ვინაიდან დაზიანდება ტაძარიც.”

ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ დანარჩენი ფართის დაკავების შემდეგ იმ აქტივობების გაფართოებას გეგმავს, რასაც ეკლესია ეწევა. ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ ეკლესიაში სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს გალობის, ხატწერისა და საკვირაო სკოლა, სასადილო, რომელიც გალდავას თქმით, დღეში ას ორმოცდაათ ადამიანს უმასპინძლდება:

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მიერთებულია იმ შენობას, რომელიც მთავრობის ინიციატივით გადაეცა ეკლესიას
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მიერთებულია იმ შენობას, რომელიც მთავრობის ინიციატივით გადაეცა ეკლესიას

“ასე რომ, მის გაფართოებასაც ვაპირებთ. გვინდა ამ შენობას ახალი მასშტაბები მივცეთ. ახალგაზრდული ცენტრი გავსხნათ, სადაც დავასაქმებთ ახალგაზრდებს და ისინი მოწყდებიან ნარკოტიკებს და ქუჩაში დგომას. ახალგაზრდას რა ინტერესებიც აქვს, ის დავუკმაყოფილოთ, რელიგიური იქნება თუ საერო.”

საპატრიარქოსთვის გადაცემულ შენობებს კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი აქვს. მთავრობის დავალებით, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ძეგლის მოვლა-პატრონობი შესახებ ვალდებულება დაეკისრება.

ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ ახლად შემოერთებულ შენობას რეალურად კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი არ აქვს და მხოლოდ იმიტომ  მიენიჭა, რომ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაზეა მიბმული, რომელიც მართლაც ძეგლს წარმოადგენს:

“ამას აქვს, კი არის ახლა შესული, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ არის, ვინაიდან ისტორიული მემკვიდრეობა აქვს იმ შენობას, მიხაილოვის საავადმყოფოს, და აქვს ამ ტაძარს. ამ შენობას არანაირი ღირებულება არ აქვს.’

ამის მიუხედავად, ეკლესია აპირებს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლბას და სარესტავრაციო სამუშაოებს უწყებასთან შეთანხმებით განახორციელებს.

  

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ გაითვალისწინა ეკლესიის სურვილი, რომ ტაძრის ტერიტორიაზე საქველმოქმედო საქმიანობას ხელი შეწყობოდა. ეკონომიკის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე თავიდანვე მდებარეობდა ეკლესია და შენობის მისთვის გადაცემა დასაშვებად მიიჩნია:

“ასევე აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ტაძარში მოღვაწეობდნენ ძმები კარბელაშვილები. ამასთან, ერთ-ერთ ძმას, ვასილ კარბელაშვილს გახსნილი ჰქონდა ბავშვებისათვის დაწყებითი სკოლა, ამიტომ საქართველოს საპატრიარქო გეგმავს ტაძრის გახსნას კომუნისტური რეჟიმის მიერ ნაწამები დიდი საეკლესიო მოღვაწეების, ძმები კარბელაშვილების სახელზე”.

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, ხედი უზნაძის ქუჩის მხრიდან
მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, ხედი უზნაძის ქუჩის მხრიდან

აღმაშენებლის #60-ში, “მიხაილოვის საავადმყოფოს” ტერიტორიაზე კიდევ სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შნეობა მდებარეობს: თავად კლინიკის შენობა და ორი საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღმაშენებლის გამზირს ესაზღვრება. 

 

2013 წლის ოქტომბერში ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა ამ შენობებისთვის ძეგლის სტატუსი მოხსნა, რისთვისაც მიმართა კულტურის სამინისტროს, ხოლო ამ უკანასკნელმა საკითხის შესწავლა დაავალა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული კულტურისა და ხელოვნების კვლევით ცენტრს.

აღნიშნული ცენტრის დასკვნით, ეს შენობები წარმოადგენდა მიხეილის საავადმყოფოს შემადგენელ ნაგებობებს და შემორჩენილია იმ დროის სამშენებლო ოსტატობის მეთოდი. ამავე დასკვნით, შენობებს სრულად აქვთ შენარჩუნებული ისტორიული და კულტურული ღირებულება, რის გამოც აღმოჩნდნენ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

 

აღმაშენებლის გამზირი #60
აღმაშენებლის გამზირი #60

გასული წლის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო აპირებდა აღნიშნული შენობების გასხვისებას, რათა ამ ადგილებზე ინვესტორს სასტუმრო აეშენებინა. ეკონომიკის სამინისტრომ “ნეტგაზეთთან” საუბარისას განმარტა, რომ აღნიშნულ შენობების გასხვისებას არ აპირებს და ისინი რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი