ახალი ამბები

როლანდ ახალაია: სხვა ბრალდებები უფრო სუსტია და ალბათ, ბაჩო იქაც გამართლდება

1 აგვისტო, 2013 • 2720
როლანდ ახალაია: სხვა ბრალდებები უფრო სუსტია და ალბათ, ბაჩო იქაც გამართლდება

“როგორ იურისტი, როგორც პროცესის მონაწილე, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა და მტკიცებულებებიც, ბუნებრივია, არ იყო. შინაგანად მოველოდი, მაგრამ თუკი სასამართლო არ მოხვდებოდა მაინც ზეგავლენების ქვეშ, სიმართლე გითხრათ, მაინც არ მეგონა. დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ ნათელი ფურცელი ჩაწერა თავის ისტორიაში და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჰქვია გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

 

მარჯვნიდან: როლანდ ახალაია და ანი ნადარეიშვილი ახალაიას განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
მარჯვნიდან: როლანდ ახალაია და ანი ნადარეიშვილი ახალაიას განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

მისივე თქმით, სხვა საქმეებში, რომლებშიც, ასევე, მის შვილს, ბაჩო ახალაიას აქვს ბრალი წაყენებული, სავარაუდოდ, გამამართლებელი განაჩენი დადგება:

 

“რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, სხვა ბრალდებები უფრო სუსტია, ვიდრე ესენი იყო და ალბათ, იქაც გამართლება იქნება იმიტომ, რომ იქ საერთოდ არანაირი შეხება ბაჩოს, რასაც ედავებიან, ე.წ. შვიდკაცაში საერთოდ არ აქვს და როგორც ამ სასამართლოზე, ისე იმ სასამართლო პროცესებზე ბრალდებულებმა აშკარად დაადასტურეს, როგორ აიძულებდნენ, რომ თუ ბაჩო ახალაის წინააღმდეგ მისცემდნენ ჩვენებას, მაშინ გარეთ დარჩებოდნენ. როცა მათ ვერ მიიღეს ეს, ამიტომ ისინი აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, მაგრამ იმედია, იქაც სამართალი იზეიმებს. ერთხელ ვთქვი – სამართალი დადის, არ ჩერდება; ურმით დადის, მაგრამ მოვიდა აქამდეც”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

 

საქმეზე, რომლის განხილვაც დღეს დაასრულა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ახალაის ბრალი ედებოდა სამი მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები) და წამება (144–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი).

 

ახალაიას კიდევ ორ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი: ერთი ეხება ციხის ბუნტის საქმეს, ხოლო მეორე- შვიდი სპეცრაზმელი წამების საქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი