ახალი ამბები

საია: ყვარლის საკრებულომ გამგებლის გადაყენებით უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაცია დაარღვია

28 აპრილი, 2014 • • 1077
საია: ყვარლის საკრებულომ გამგებლის გადაყენებით უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაცია დაარღვია

“საიას” მიაჩნია, რომ მოქმედი გამგებლის თანამდებობიდან გადარჩევით ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაარღვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს  წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

 

ორგანიზაციის განმარტებით, რეკომენდაცია გულისმობს თავის შეკავებას ხელმძღვანელი პირების -გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების- თანამდებობიდან გადაყენებისაგან, რათა საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღქმული არ იყოს.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს არჩეული გამგებლისა და მერებისათვის უნდობლობის გამოცხადების იმ პროცედურის პრობლემურობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ახალ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, მიაჩნია ‘საიას”. ცვლილების თანახმად, საკრებულოს უფლება ეძლევა, მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება ხალხის მიერ არჩეული გამგებლის/მერის მიმართ სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი.

 

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება საფრთხეს უქმნის არჩეული თანამდებობის პირების სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას, აკნინებს პირდაპირი წესით არჩევის არსსა და მნიშვნელობას”, -აცხადებს ორგანიზაცია. 

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი კითხვები: დაუჭირა თუ არა სხდომის დახურვას მხარი საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტმა, როგორც ამას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განმარტავს, და არსებობდა თუ არა სხდომის დღის წესრიგი და მოხდა თუ არა მისი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნება? 

 

“საია” ინტერესდება, უფლებამოსილი იყო თუ არა სხდომა, მიეღო გამგებლის გადაყენების გადაწყვეტილება? არსებობდა თუ არა კვორუმი სხდომაზე? კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება გამგებელთან დაკავშირებით? 

 

“საიას” ასევე მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ ხდებოდა თანმიმდევრული რეაგირება წვრილმან ხულიგნობაზე, რაც ყვარელში განვითარებული მოვლენების დროს მოხდა. ორგანიზაცია უშვებს, რომ შესაძლოა პირთა დაკავება მოხდა შერჩევით:

 

“თუ ერთ შემთხვევაში დარღვევას წარმოადგენდა გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რატომ არ წარმოადგენდა დარღვევას საკრებულოს წევრის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები? მაშინ, როდესაც მყისიერი რეაგირება ხდება გამგებელთან დაკავშირებით, რატომ არ ხდება საერთოდ რეაგირება მასთან დაპირისპირებულ საკრებულოს წევრის ქმედებებზე, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მიერ დაკავებულ პირს პოლიციის თვალწინ?”

 

2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 18 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მისი მხარდამჭერები როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით იქნენ დაკავებული.  

 

გამგებლის მხარდამჭერები დააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. ქევხიშვილი დაკავების შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი