ახალი ამბები

მდინარაძე სუბელიანის ჩანაწერზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს

15 ოქტომბერი, 2018 • 2294
მდინარაძე სუბელიანის ჩანაწერზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსს არარეალურად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ნახსენები ფაქტი, რაზეც ტელეკომპანიის განცხადებით სუბელიანი ამ ჩანაწერში საუბრობს, გამოიძიონ და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი:

“რა თქმა უნდა, ჩანაწერმა გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი უამრავი მიმართულებით, ამას არავინ არ ამბობს. ყველა კითხვას ბოლომდე ჩავყვები, რომ ერთი დეტალიც არ დარჩეს გამოუძიებელი, ერთი კითხვა, თუნდაც წვრილმანი, არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ამასთან დაკავშირებით იქნება განსაკუთრებით მკაცრი საპარლამენტო კონტროლი, რაც არ უნდა არარეალურ რამეებს ლაპარაკობდეს სუბელიანი”, – ამბობს მდინარაძე.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ჩანაწერის წარმომავლობის და ავთენტურობის დადგენა, ასევე მისი შინაარსი:

“სუბელიანის ნათქვამ თითოეულ განცხადებასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს და ამაზე დავაწესებთ მკაცრ საპარლამენტო კონტროლს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როგორ ხვდება ასეთი ჩანაწერი “ნაციონალური მოძრაობის” მედიასაშუალების ხელში, არის თუ არა ეს იმ ნეგატიური, ბინძური პიარკამპანიის ნაწილი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ახორციელებს “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანის მონაყოლში ერთი დეტალიც კი თუ მართალია, შესაბამისი პასუხი გაეცეს”, – ამბობს მდინარაძე.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  აღნიშნული ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი