ახალი ამბები

ჯაფარიძის თქმით, “კანაფის ფესტივალი” სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა, თუმცა არა კანონდარღვევა

13 ოქტომბერი, 2018 • 2673
ჯაფარიძის თქმით, “კანაფის ფესტივალი” სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა, თუმცა არა კანონდარღვევა

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის მიუხედავად, 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში “კანაფის ფესტივალი” მაინც გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს, 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც შსს-მ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჯაფარიძის განცხადებით, მისი ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას იმოწმებს, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

“2016 წლის 31 დეკემბერს დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას. რის გაკეთებასაც მე ვაპირებ 20 ოქტომბერს, ასევე არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მე ვთვლი, რომ იმის უფლება, რასაც გავაკეთებ, მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“თუ შსს-ს განცხადება არის სერიოზული, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს. მე ამის არ მჯერა, მაგრამ მაინც. ამიტომ, კარგი შანსია, რომ მოხვიდეთ, გაერთოთ, დაისვენოთ და მათ შორის, ნახოთ ეს ისტორიული მომენტიც”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “გირჩის” მიერ დაანონსებულ “კანაფის ფესტივალთან” დაკავშირებით. პარტია 20 ოქტომბერს აპირებს დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ.

შსს-მ გირჩის კანაფის ფესტივალზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი