ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის 11 კითხვა წინა ხელისუფლებას აგვისტოს ომზე

12 ოქტომბერი, 2018 • 2397
სალომე ზურაბიშვილის 11 კითხვა წინა ხელისუფლებას აგვისტოს ომზე

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საფუძველად უდევს კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამონათქვამები და სინამდვილეში მას არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ის, რომ აგრესორი რუსეთის ფედერაციაა. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, თუ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს მსგავს ვითარებაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ შეიძლება, კითხვები არ დავსვათ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პასუხისმგებლობას ვერავინ გააქარწყლებს, თუმცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებთან და ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას აქვს შემდეგი კითხვები:

  • ხელისუფლებამ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რომ არ აჰყოლოდა პროვოკაციებს და აერიდებინა ეს ტრაგედია?
  • რატომ ჩააბარეს რაღაც მომენტში საომარი ოპერაციების ხელმძღვანელობა და შტაბი არასამხედრო პირს?
  • რატომ დატოვეს ახალგაზრდა რეზერვისტები ხელმძღვანელობის გარეშე და მტრულ ტყეში?
  • რატომ არ მოხერხდა დროულად მშვიდობიანი მოსახელობის გამოყვანა,  ქალების და ბავშვების მაინც?
  • რატომ დაგვიანდა რუსეთის აგრესორად გამოცხადება და ამბობდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ ოსი სეპარატისტების ქმედებები?
  • რატომ შეკრიბეს ახალგაზრდები გორის სტადიონზე იმ დროს, როცა დაბომბვის საფრთხე ყველაზე მაღალი იყო?
  • რატომ შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პასპორტი ამ ტრაგედიიდან 8 თვის მანძილზე?
  • რატომ გადასცა ხელისუფლებამ რუსეთს ენგურჰესის მმართველობა იმავე წლის ოქტომბერში?
  • სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, რატომ აღადგინა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ოლქი საბჭოთა კავშირის და არა იმ საზღვრებში, რომელიც დადგენილი იყო ეუთო-ს მიერ და რომელშიც არ შედიოდა ახალგორი და ლიახვის ხეობა?
  • რატომ დატოვეს ამერიკელი პარტნიორებისგან ახლად გადმოცემული მთელი შეიარაღება კოდორში?
  • ვის აწყობს იმ მოდელირებული რეალობის შექმნა, რომ ვითომ საქართველოში ორი სხვადასხვა აზრია იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი?

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ოსებთან სახალხო დიალოგის მნიშვნელობაზე. რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მოსკოვთან “ერთი-ერთზე დიალოგი” უშედეგოა.

“რუსეთთან საუბარი არასდროს იქნება შედეგიანი, თუ ეს იქნება ერთი-ერთზე. როდესაც სამხედრო ბაზებზე ვატარებდი მოლაპარაკებებს, იმიტომ იყო ბოლომდე მიყვანილი, რომ ყოველი შეხვედრის მერე მივდიოდი ამერიკის ელჩთან და ევროკავშირის მაშინდელ თავმჯდომარესთან, ეს იქნებოდა მოსკოვში თუ თბილისში.  არ შეიძლება, ჩვენ მარტო დავრჩეთ. და ვინც ავრცელებს ასეთ დისკრედიტაციას, ის ხელს უწყობს, რომ მარტო დავრჩეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

“მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”, – განაცხადა ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”. შემდეგ კი განმარტა, რომ ქართული მხარე ომის დაწყებაში არ დაუდანაშაულებია.

არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, – სალომე ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი