ახალი ამბები

“მწვანე ქალაქი” – მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს

22 აპრილი, 2014 • • 3195
“მწვანე ქალაქი” – მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს

“დედამიწის დღის” ქსელმა მწვანე ქალაქების კამპანია 2013 წელს შეიმუშავა. კამპანიის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ქალაქების დახმარება იყო, რათა ისინი გამხდარიყვნენ უფრო მდგრადი და შეემცირებინათ ნახშირორჟანგი.

 

კამპანია მიმართული იყო სამ მთავარ ელემენტზე: შენობები, ენერგია და ტრანსპორტირება. კამპანიის მიზანია დაეხმაროს ქალაქებს, რათა გადაადგილება გახადონ ჯანსაღი, სუფთა და უფრო ეკონომიური მომავალში, გააუმჯობესონ და მიიღონ ინვესტიციები განახლებად ტექნოლოგიებში და დაარეგულირონ რეფორმები.

 

დედამიწის დღის ქსელის (Earth Day Network) მონაცემებით ქალაქებში ტრანსპორტირება არის სათბური გაზების ემისიების ყველაზე სწრაფი გამავრცელებელი, რომელიც ოზონის შრეს აზიანებს. მსოფლიოში გარემოს დაბინძურების კუთხით, უმეტესი წილი სწორედ მანქანებით დაბინძურებაზე მოდის.

 

„რომ გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება სტანდარტების გაუმჯობესება, ინვესტიცია ალტერნატიული ტრანსპორტირებისათვის, უნდა გაიზარდოს ფეხითა და ველოსიპედით მოსიარულეთა რაოდენობა ქალაქებში,” – ნათქვამია “დედამიწის დღის” ოფიციალურ ვებსაიტზე.

 

დედამიწის დღეს აღნიშნავენ სქართველოშიც. გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა აქტივობები აქვს დაგეგმილი. ქვეყნის მასშტაბით მასშტაბურ დასუფთავების კამპანიას იწყებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო ჩხობაძე ამბობს, დასუფთავების აქციაში ყველა დიდი ქალაქი და თითქმის ყველა რეგიონი ჩაერთვება.

 

„22 აპრილი – ეს არის კიდევ ერთხელ გამოფხიზლება მსოფლიოსი, რომ ყველას რითაც შეუძლია და როგორც შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი ამ აქციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს პრიორიტეტი მთელს საქართველოში არის ნარჩენების პრობლემა. ვფიქრობთ, დასუფთავების აქციებით უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ დედამიწა უნდა დავიცვათ. აქციები იგეგმება ზუგდიდში, მათ შორის სოფლებსა და პატარ-პატარა დასახლებულ პუნქტებში, კახეთში, მუნიციპალიტეტებში. სოფლებში მცირე მასშტაბის აქციები იგეგმება დასუფთავების. ჩვენი ჯგუფები ასევე გავლენ აღმოსავლეთ საქართველოს გზატკეცილზე, დასავლეთის გზატკეცილიც გვინდოდა მოგვეცვა, მაგრამ ძალიან გადატვირთულია. დასუფთავების აქციები იგეგმება ხარაგაულსა და ზესტაფონში, თითქმის ყველა ქალაქში, სადაც ღიად ყრია დიდი რაოდენობით ნაგავი. ბათუმში არის დიდი აქცია დაგეგმილი, ჩვენი ორგანიზაცია უდგას სათავეში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად,” – ამბობს ნინო ჩხობაძე.

 

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე დედამიწის დაცვაში ცალკეული, ერთი ადამიანის როლზე საუბრობს.

 

„თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ გვაქვს სწორი და მწვანე მიდგომა. მოვიხმართ ბევრ ქაღალდს, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ხე უნდა მოიჭრას. ვხმარობთ ცელოფნის პარკებს, რაც დიდ დაბინძურებას იწვევს, უფრო თეორეტიკოსები ვართ, ვიდრე პრაქტიკოსები. ვაძლევთ ყველას უფლებას, რომ მოჭრან ხე. გარემოსდაცვითი ცნობიერება უნდა ამაღლდეს და გადავიდეს პრაქტიკაზე ეს ჩვენი თეორიული ცოდნა. თითოეულ ინდივიდს შეგვიძლია ბევრი რაღაც გავაკეთოთ. შეიძლება არ დარგო ხე, მაგრამ დაიცვა ელემენტალური წესები. შეაგროვო მაკულატურა და გადაარჩინო ხეები
მოჭრას,” – ამბობს ნატა ფერაძე.

 

დედამიწის დღის აღნიშვნა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს. 22 აპრილი დედამიწის დღედ ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა 1970 წელს დააწესა. მას შემდეგ რაც 1969 წელს კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ნავთობის საბადოებიდან ნავთობი დაიღვარა. დაღვრილმა ნავთობმა ოკეანის დაბინძურება და ცოცხალი ორგანიზმების განადგურება გამოიწვია.

 

თავდაპირველად დედამიწის დღეს მხოლოდ ამერიკაში აღნიშნავდნენ, დღეისათვის კი მსოფლიოს მასშტაბით ამ დღეს 170-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

 

„ბრძოლა სუფთა გარემოს შესაქმნელად გრძელდება. ჩვენ გეპატიჟებით, რომ გახდეთ ნაწილი დედამიწის დღისა და დაგვეხმაროთ, რომ ჩავწეროთ უამრავი გამარჯვება და წარმატება ისტორიაში. ჩვენ გვინდა სუფთა გარემო ჯანსაღი მომავალი თაობისთვის,” – ვკითხულობთ “დედამიწის დღის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი