ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგავი ჩამოამხო

10 ოქტომბერი, 2018 • 11382
გორის მერიის თანამშრომელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგავი ჩამოამხო

 

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა დღეს, 10 ოქტომბერს მოხდა.

როგორც გიგა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, გორში ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად გორის მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს.

“ამით გავაპროტესტეთ თავზარაშვილის განცხადება, სადაც მან საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში. ჩვენ მისგან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ვითხოვდით. აქცია რომ დასრულდა, ჩვენ მიერ დაყრილ ხორბალსა და ფუნას ვაგროვებდით, რა დროს უკნიდან მომეპარა მერიის თანამშრომელი და ხორბალი თავზე ჩამომამხო”, – უთხრა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს. მისივე განმარტებით, იქვე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა მაქარაშვილი. ის ელოდება, რომ პოლიცია მერიის თანამშრომელსაც გამოკითხავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, კაცი, რომელმაც მაქარაშვილს ნაგავი დააყარა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილია. ნეტგაზეთის გორის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი