ახალი ამბები

“ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის აღების მოთხოვნით გამოხატვის თავისუფლება იზღუდება” – ISFED

8 ოქტომბერი, 2018 • 1344
“ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის აღების მოთხოვნით გამოხატვის თავისუფლება იზღუდება” – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანიებისთვის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამების მოხსნის მოთხოვნას საარჩევნო სუბიექტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

საუბარი სამ ვიდეორგოლზეა, რომელთა საეთერო ბადიდან ამოღებას სხვადასხვა მიზეზით ითხოვდა.

ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემიდან „რეაქცია“, სადაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს.

კომისიის შეფასებით, გადაცემის წამყვანი მონაწილეობს წინასაარჩევნო რეკლამაში, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევაა. კერძოდ, 63-ე მუხლის მე-5 ნაწილით იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო პროგრამების წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახის მონაწილეობა რეკლამაში.

შესაბამისად, რეკლამა, რომელშიც გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემიდან „რეაქცია“ და ჩანს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, არის არასათანადო რეკლამა.

კიდევ ერთ ვიდეორგოლში ზურაბიშვილი მოღალატედაა მოხსენიებული, რაც კომისიის აზრით „არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს“. კომისიის ცნობით, აღნიშნული ვიდეოკლიპი არაეთიკურია და, შესაბამისად, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებასაც მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს.

რაც შეეხება მესამე ვიდეოკლიპს, კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამონათქვამს და ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილს.

ISFED-ის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ​1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი საარჩევნო სუბიექტებისთვის ოპონენტის წინააღმდეგ მიმართულ მოწოდებას ან/და საჯარო ქმედებას ლეგიტიმურ ქმედებად განიხილავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. კანონი კრძალავს მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლას:

“საგულისხმოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის წაყენებული ვალდებულება, ეთერში არ განათავსონ საარჩევნო ვიდეო-რგოლები არაეთიკურობისა და უხამსობის მიზეზით არ ემსახურება არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და არც საარჩევნო კოდექსით დადგენილ ლეგიტიმურ მიზანს”, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა.

ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო რეკლამისთვის განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუშვებელი აგიტაციის შინაარსს და ამ მიმართულებით შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს.

კერძოდ, არ შეიძლება საარჩევნო პროგრამა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსით დადგენილ უფრო მაღალ სტანდარტზე აპელირებს და წინასაარჩევნო რეკლამის შეზღუდვისთვის იყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს, კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის დადგენის ნაწილში კომუნიკაციების ეროვნულ კომისია უფლებამოსილი ორგანო არ არის.

ISFED-ის თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ პირი მიიჩნევს, რომ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ის უფლებამოსილია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმს ან სასამართლოს.

გამომდინარე,აქედან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც, თავის მხრივ, სამართლებრივი ძალის მქონე აქტი არ არის,  მის საფუძველზე ზემოთ აღნიშნული სამი პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის ვალდებულების დაკისრება მაუწყებლებისთვის არაპროპორციულად ზღუდავს საარჩევნო სუბიექტების გამოხატვის თავისუფლებას.

GNCC ტელევიზიებს მოუწოდებს, ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამები ეთერიდან ამოიღონ

მასალების გადაბეჭდვის წესი