ახალი ამბები

GNCC ტელევიზიებს მოუწოდებს, ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამები ეთერიდან ამოიღონ

26 სექტემბერი, 2018 • 3200
GNCC ტელევიზიებს მოუწოდებს, ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამები ეთერიდან ამოიღონ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) ტელევიზიებს მოუწოდებს, საეთერო ბადიდან ამოიღონ  სარეკლამო რგოლები, “რომლებიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის, სალომე ზურაბიშვილის, არჩევისთვის ხელის შეშლას”.

GNCC-ის განცხადებით, აღნიშნული ვიდეორგოლების ეთერში განთავსების თაობაზე კომისია სმიმართა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. კომისიის პასუხშიც ადრესატად საზოგადოებრივი მაუწყებელია მითითებული. თუმცა, როგორც ირკვევა, წერილი კერძო ტელემაუწყებლებმაც მიიღეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი წერილის შინაარსს ასაჯაროებს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კომისიამ მიიჩნია, რომ სამი ვიდეორგოლი “მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის” მოთხოვნებს არღვევს.

კერძოდ, მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილით იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო პროგრამების წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახის მონაწილეობა რეკლამაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, ერთ-ერთ სადავო ვიდეორგოლში გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემიდან “რეაქცია”, სადაც გადაცემის წამყავნი პრეზიდენტობის კანდიდატს უსვამს კითხვას. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტი რეკლამაში მონაწილეობს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, კიდევ ერთ ვიდეორგოლში ზურაბიშვილი მოღალატედაა მოხსენიებული, რაც “არღევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს”. კომისიის ცნობით, აღნიშნული ვიდეოკლიპი არაეთიკურია და, შესაბამისად, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის გნათავსებასაც მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს.

რაც შეეხება მესამე ვიდეოკლიპს, კომისიის მოსაზრებით, ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამოანთქვამს და ეწინააღმდეგება ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ სამი სარეკლამო ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მაუწყებლებმა ბადიდან უნდა ამოიღონ.

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ცენზურად აფასებს კომისიის გადაწყვეტილებას.

“ამ რეკლამებში ჩვენ უბრალოდ ციტირებას ვახდენდით იმას, რასაც ამბობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ისინი მიიჩნევნ, რომ ამ განცხადებებში არის პორნოგრაფიული შინაარსის უხამსი გამონათქვამები და აქედან გამომდინარე, ეს რეკლამა არ უნდა მოვისმინოთ. ჯერ ერთი, ეს მათი შეფასებაა, მეორე – ეს მან განაცხადა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა” ,– თქვა ვაშაძემ დღეს, 26 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე მოსაზრებით, GNCC-ის ქმედება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციის წინააღმდეგ “ყველა მექანიზმს” იყენებს.

“მთელი სახლემწიფო მანქანა ჩართო ჩვენ წინააღმდეგ. ხელს გვიშლის [“ქართული ოცნება”] საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანია, ეს არის შესთავაზო, შენ რის გაკეთებას გეგმავ და აქ ჩვენ ძალიან მძლავრი პროგრამა გვაქვს. მეორეა, აჩვენო რეალური სახე შენი ოპონენტის. ამ რეალური სახის შეეშინდა “ქართულ ოცნებას” და თავის შტაბის ნაწილად აქცია კომუნიკაციების ეროვნული კომისია”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე მოითხოვს, კომისიის წარმომადგენელი შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს და გადაწყვეტილების დასაბუთება გააცნონ. გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც მიაწვდიან.

კომისიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს არც ტელეკომპანია “რუსთავი 2:-ის იურისტი თამთა მურადაშვილი:

“ახლა ჩაგვბარდა მარეგულირებელი კომისიისგან წერილი ერთი კონკრეტული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დასაცავად. წერილი, ერთი შეხედვით, პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვას. თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ პასუხი გაუგზავნა ყველა მაუწყებელს. შესაბამისად, მეც უფლებას ვიტოვებ, ეს წერილი ასე დავასათაურო:

“საზოგადოებრივო მაუწყებელო, შენ გეუბნები, რუსთავი ორო, შენ გაიგონეო!”

პ.ს: როცა ტელეკომპანია აშუქებს პრეზიდენტის აზრებს, ლოზუნგებს და სიტყვებს, მათ შორის, მის მიერვე ნათქვამ ღირსების შემლახავ ფრაზებსაც, მაგალითად, კანდიდატი ამბობს, „გააჯ…თო“ (მერიდება ამ სიტყვის დაწერა), ხოლო ტელეკომპანია ამას ეთერში უშვებს, ამით ამ სიტყვების ავტორი არღვევს კანონს, თუ როგორც კომისია მიგვითითებს, თავად ტელევიზია” – ამბობს თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” აღნიშნული ვიდეორგოლების საეთერო ბადიდან ამოღებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში ტელეკომპანიას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გაფრთხილება ან ჯარიმა შეიძლება დაემუქროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი