ახალი ამბები

უსუფაშვილის “ბოდიში და მადლობა” ქალს, რომელმაც რეესტრის უფროსი შევიწროებაში დაადანაშაულა

4 ოქტომბერი, 2018 • 4511
უსუფაშვილის “ბოდიში და მადლობა” ქალს, რომელმაც რეესტრის უფროსი შევიწროებაში დაადანაშაულა

“გულწრფელი ბოდიში და მადლობა, მეტს ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ”, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ქალს, რომელმაც ბრალი დასდო  საჯარო რეესტრის სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში.

დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატებს, ქალთა უფლებებთან ერთად, სექსუალურ შევიწროებაზეც უნდა ესაუბრათ. მოწვეული 5 კანდიდატიდან (ზურაბიშვილი, ნათელაშვილი, ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი) შეხვედრაზე მხოლოდ ორი – დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე – გამოცხადდა.

უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ სექსუალური შევიწროების საკითხი ახალი კუთხითაა შესაფასებელი და საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ იმას, რაც ადრე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა სხვაგვარად უნდა შევხედოთ.

“შევიწროება ახალი სტანდარტით არის გასააზრებელი და დასანახი. ცხოვრება წინ მიდის და ამ წინსვლის პროცესში ძალიან ბევრ რამეს, რაც იყო ჩვეულებრივი მოვლენა,  ნელ-ნელა სხვანაირად ვუყურებთ. ქართველებსაც ნუ შეგვრცხვება იმის, რომ რაღაც ასე გვეგონა, მაგრამ თურმე სხვაგვარად ყოფილა სწორი”, – ამბობს უსუფაშვილი.

სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა ქალი, რომელმაც პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მან კითხვით მიმართა მხოლოდ დავით უსუფაშვილს, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს.

“მე ვისურვებდი, სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, უმეტესად კი ქალბატონი კანდიდატისგან მომესმინა ეს პასუხი, მაგრამ დავით უსუფაშვილთან მექნება კითხვა. რადგან ის იმ ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა, როდესაც მე ვიდევნებოდი, როდესაც ის ადამიანი დაინიშნა მაღალ თანამდედბობაზე და მე ვისურვებდი მომესმინა კონკრეტული და არა ზოგადი პასუხი… რადგან ჩემთვის პასუხი არ არის, რომ “მზა რეცეპტი არ არსებობს”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონს პარლამენტი არ იღებს, თუმცა, “სხვა შემთხვევაში, ძალიან სხარტები აღმოჩნდებიან” ხოლმე.

“დღეს არ ვიცი, მომავალში რა მელოდება, უამრავი სასამართლო მელის, სადაც უნდა ვამტკიცო, რომ მე ვიყავი დისკრიმინაციის მსხვერპლი. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოვჩნდები საარჩევნო ყუთთან, სწორი გადაწყვეტილება მივიღო და მოვისმინო, როგორ დამიცავთ.

მე ვერ დამიცვა ჩემმა ქვეყანამ. რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი, მე აქ არ ვიქნებოდი. მე ხელი მკრა საკუთარმა მინისტრმა, ქვეყანამ ვერ დამიცვა, თქვენთვის რთული წარმოსადგენია, რამდენად რთულია ეს ქალისთვის”, – თქვა მან.

აღნიშნულ გამოსვლაზე უსუფაშვილმა უპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, გარკვეული მცდელობა ჰქონდა მაშინ, როდესაც ეს ამბავი გაიგო – დღეს შედეგი არ დამდგარა.

“ერთადერთი, რაც მე შემიძლია თქვენ გითხრათ… კი, ვიყავი ხელისუფლების ნაწილი, იმ მინისტრის დანიშვნის მხარდამჭერიც.გულწრფელი ბოდიში იმისთვის, რომ ამ ვითარებაში აღმოჩნდით. ეს ერთი სიტყვა ვერ მოიცავს ყველაფერს, ამიტომ გეუბნებით მეორე სიტყვასაც ასევე გულწრფელად – მადლობა.

ცხოვრება ასეა, გვიწევს ხოლმე არაპროპორციულად დიდი ტვირთის ტარება საზოგადო საქმისვის. ეს ხან ჯარისკაცს მოუწევს ბრძოლის ველზე, ხან ადამიანს, რომელიც არანაკლებ ბრძოლის ველზეა, როდესაც ამ ტიპის თემებს შეერკინება. ამიტომ ბოდიში და მადლობა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ თემაზე”, – განმარტავს დავით უსუფაშვილი.


პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი ბრალს სდებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ დაზარალებულის მამართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს.

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის საქმის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა, ხოლო თანამდებობა 2018 წლის 27 მარტს დატოვა.

ვრცლად პაპუნა უგრეხელიძის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი