ახალი ამბებისაზოგადოება

სექსუალურ შევიწროვებაზე ინფორმაცია მივაწოდე პრეზიდენტს, პრემიერს და წულუკიანს – დაზარალებული

24 მარტი, 2018 •
სექსუალურ შევიწროვებაზე ინფორმაცია მივაწოდე პრეზიდენტს, პრემიერს და წულუკიანს – დაზარალებული

ქალი, რომელმაც საჯაროს რეესტრის სააგენტოს უფროსი პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამის შესახებ მან ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

ინფორმაცია პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ყოფილი თანამშრომლის სექსუალური შევიწროვების შესახებ 24 მარტს გავრცელდა.  დაზარალებულმა ომბუდსმენს 2016 წელს მიმართა, რომელმაც საკითხი შესწავლა 2017 წლის აპრილში დაასრულა და დაადგინა რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას. თუმცა ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებულია.

ომბუდსმენის ოფისში დღესაც ფრთხილად საუბრობენ ამ ფაქტის შესახებ, რადგანაც მსხვერპლის იდენტიფიცირება არ მოხდეს. თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ქეთი შუბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ არც ინფორმაცია გაუვრცელებიათ, მათ შორის დაშტრიხულად და არც სხვა უწყებისთვის, მაგალიტად იუსტიციის სამინისტროსთვის, რომლის დაქვემდებარებაშიცაა იუსტიციის სამინისტრო.

თუმცა ქალი, რომელიც ომბუდსმენის დასკვნით, პაპუნა უგრეხელიძემ სექსუალურად შეავიწროვა, ამბობს, რომ მან თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს.

რა მოიმოქმედეს ამის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირებმა უცნობია, თუმცა უგრეხელიძე ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამინისტრო კომენტარს მაშ შემდეგ გააკეთებს, რაც პაპუნა უგრეხელიძე საქართველოში დაბრუნდება და ბრიფინგს გამართავს.

“ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ მოიპოვა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის კომენტარი.

დღესვე ცნობილი გახდა რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების საქმეებზე სასამართლოში რამდენიმე ქალის უფლებებს საია იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი