ახალი ამბები

პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

27 მარტი, 2018 • 3973
პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. თეა წულუკიანმა კი მისი განცხადება დააკმაყოფილა.

პაპუნა უგრეხელიძე ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

“იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები. ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება”,- წერს უგრეხელიძე.

პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მამართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. სავარაუდო დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს.

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი