ახალი ამბები

უთანხმოება ფარული მოსმენების კანონმდებლობის გარშემო

10 აპრილი, 2014 • • 1358
უთანხმოება ფარული მოსმენების კანონმდებლობის გარშემო

მთავრობის ადმინისტრაციის საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის ეს განცხადება აძლიერებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცოტა ხნის წინ გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი საკანონმდებლო წინადადებებისგან გამიჯვნას და ფარული მოსმენების რეგულირების მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობას დამოუკიდებლად აპირებს.

 

“იმედი გვაქვს, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო კომისია შეიქმნა ზუსტად ამ პროგრესული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციისთვის. სხვა შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ახალი სამთავრობო ჯგუფის ჩამოყალიბება. თუკი მთავრობა გაემიჯნება საპარლამენტო განხილვებს, რომელიც ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, გაჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები, შეგნებულად ცდილობენ გააჭიანურონ და ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს. კამპანია “ეს შენ გეხება”–ში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ხელი შეუწყოს იმ პროცესს, რომლის საბოლოო მიზანი უმოკლეს ვადებში საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდების დანერგვაა”, – ეს განცხადება “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 7 აპრილს გაავრცელეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უწყებათაშორისი ჯგუფი შექმნა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და ადამიანის უფლებების დაცვასათან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაავალა.

სასტუმრო “თბილისი–მარიოტში” ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელ კანონებში ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვა დღეს განსხვავებული მოსაზრებების პოზიციონირების ფონზე ჩატარდა. ღონისძიებაში, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და საერთაშორისო ექსპერტი, მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს–იორგ ალბრეხტი მონაწილეობს. ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მხარს არასამთავრობო სექტორისა და დეპუტატების ნაწილი უჭერს, მათ შენიშვნები აქვთ:

“აქ ლაპარაკი არის საპოლიციო და უსაფრთხოების უფლებამოსლების გამიჯვნაზე. აღნიშნული მოსაზრებები აქვთ ჩვენი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებსაც. სხვა შენიშვნებიც არის იქ საიდუმლოების გაჟონვასთან დაკავშირებით…შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფი ამაზე მუშაობს მიმდინარეობს, ძალიან დეტალური მუშაობა, თუმცა გვესაჭიროება გარკვეული დრო, რათა ჩვენი რეკომენდაციები და დასკვნა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილად დავდოთ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული სფერო რეგულაციებს მოითხვს, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ არც ერთი სფერო არ დაზარალდეს, არც უსაფრთხოება და არც ადამიანის უფლებები. ჩვენი სამუშაო ჯგუფის პოზიცია სწორედ ასეთია და მიგვაჩნია, რომ ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს ამ ნაბიჯების გადადგმა”.

 

კითხვას, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ნაბიჯები ნაჩქარევად უნდა გადაიდგას, ხომ არ იგულისხმება პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერება, ღირსიაშვილი პასუხობს:

 

“ამაზე საუბარი არ არის. სამუშაო ჯგუფს დავალებული აქვს მოახდინოს ინიცირებული კანონპროეტქების გადახედვა და შეიმშაოს თავისი რეკომენდაციები”.

 

კითხვას, დავალებული აქვს თუ არა სამუშაო ჯგუფს ამ საკითხზე ახალი კანონპროექტების მომზადება, ღირსიაშვილი პასუხობს, რომ “ჯერჯერობით არა”.

“ჯერჯერობით ჩვენ ახალ კანონპროექტზე არ ვმუშაობთ, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ამოცანაა შემუშავდეს ერთიანი ეროვნული სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ერთიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ადამიანის უფლებების სფეროების დაბალნსება”.

 

ხოლო რაც შეეხება იმას,  რა იქნება ამ ახალი  სტრატეგიის ბაზისი: პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მხარს “ეს შენ გეხებას” კამპანიაც უჭერს, თუ ახალი კანონპროექტები, რომელსაც უწყებათაშორისი ჯგუფი დამოუკდებლად შეიმშავებს, ღირსიაშვილი ნეტგაზეთის შეკითხვას ასე პასუხობს:

“დაახლოებით 3–4 კვირაა რაც ჩვენი ჯგუფი ამაზე მუშაობს, ჯერჯერობით ვახდენთ აღნიშნული კანონპროექტის ანალიზს. რასაკვირველია ეროვნულ სტრატეგიაში გაიწერება, როგორც ახალი კანონმდებლობის შექმნა, არსებულ კანონმდებლობაში სხვადასხვა ცვლილების შეტანა, ასევე გაიწერება სამოქმედო გეგმებიც.

 

პარლამენტში უკვე ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, რომელსაც მხარს არასამთავრობო სექტორის ნაწილიც უჭერს, ფარული საგამოძიებო მოქმქდების განხორციელებისას საგამოძიებო სტრუქტურებს სამი ობიექტი გააკონტროლებს: კომპანია, რომლის აბონენტსაც უსმენენ, სასამართლო და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი.


როგორ გაკონტროლდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები პროექტის მიხედვით
როგორ გაკონტროლდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები პროექტის მიხედვით

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, რა არ მოსწონს, კონტროლის ამ ახალ სისტემაში, ღირსიაშვილი პასუხობს, რომ კონკრეტული ნაბიჯები რაც ამ საკანონმდბელო ცვლილებშია გაწერილი და ხარვეზებს  შეიცავს. ხოლო როდესაც დაკონკრეტება ვთხოვეთ, ღირსიაშვილმა განაცხადა:

“სამუშაო ჯგუფი როცა დასრულებს თავისი რეკომენდაციების გაწერას, ეს ყველაფერი ღია იქნება”.

კანონპროექტი, რომლის მიმართაც მთავრობა გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამს პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა. ამ ხნის განმავლობაში გაიმართა არაერთი საჯარო შეხვედრა სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის მონაწილეობით. კანონპროექტი ექსპერტიზისთვის გადაეგზავნა ევროსაბჭოს და დამოუკიდებელ გერმანელ ექსპერტს, რომელთაც მათ შესახებ დადებითი დასკვნა დადეს. სწორედ ამაზე აპელირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში, რომელიც მათ დღეს ლევან ღირსიასვილის საპასუხოდ გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ ღირსიაშვილი ნაჩქარევად ნაბიჯების არ გადადგმაზე აპელირებდა:

“კამპანია “ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, შეახსენონ ბატონ ღირსიაშვილს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდა 2013 წლის გაზაფხულზე. ამ დროის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტოს – უწყებას, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა – ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები წარედგინა განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღესაც შეუძლიათ საკუთარი კონსტრუქციული წინადადებები წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიესალმებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევისაკენ, იმავდროულად, არ გააჭიანურებენ საკანონმდებლო პროცესს”.

ამასთან, კამპანიის ,,ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო უსაფთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შენიშვნები ფარული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძენს უფრო მეტ კონკრეტიკას და უფრო დასაბუთებული გახდება.

“არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, კიდევ ერთხელ მოუწოდონ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ იმგვარი არაკონსტრუქციული განცხადებებისა და ქმედებებისაგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერთადერთი რამ, რასაც კანონპროექტი ნამდვილად “უქმნის საფრთხეს” არის არსებული სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვას”.

ზემოხსენებული კანონპროექტი პარლამენტში ჟურნალისტების ლაშა ტუღუშის და ზვიად ქორიძის, ასევე დეპუტატ შალვა შავგულიძისა და ლიკა საჯაიას ავტორობით შევიდა. შემდგომში იგი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამუშავა და ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში საკომიტეტო განხილვები დაიწყო. კანონპროექტის ლობისტი არასამთავრობოებისა და დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, ეს ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის მექანიზმების ევროპულ სტადართებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს შსს–ს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ნეტგაზეთთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ცნობილია, რომ მისი უწყება ეწინააღმდეგება გარე კონტროლის იმგვარი მექანიზმის დანერგვას, რომლის დროსაც საგამოძიებო უწყებები ვალდებულები იქნებიან, რომ ის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლის აბონენტის თვალთვასაც აპირებენ, საქმის კურსში ჩააყენონ.

 

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა და შსს–სგან გასნხვაევბით, ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსწონს გერმანელ ექსპერტს:

“მე ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით დასკვნა დავწერე შემდეგ დავურთე შენიშნვები, რომელიც სრულად იქნა გათვალისწინებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი კანონპროქეტები საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებს შეესაბამება.  ხაზს ვუსვამ, ერთი მხრივ გასათვალსწინებელია საგამოძიებო ინტერესი და მეორე მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებები. აქედან გამომდინარე მთლიანობაში ამ კანონპროექტებს ვიწონებ”, – აცხადებს პროფესორი ალბრეხტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი