ახალი ამბები

ბიუჯეტის პროექტით, საქართველო ნატოს 2%-იან სტანდარტს ვერ იცავს

2 ოქტომბერი, 2018 • 3781
ბიუჯეტის პროექტით, საქართველო ნატოს 2%-იან სტანდარტს ვერ იცავს

საქართველოს 2019 ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანა თავდაცვაზე 819.4 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტს წარმოადგენს.

ბიუჯეტისვე პროექტის მიხედვით, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 4.4 მილიარდით მეტია.

თავდაცვისთვის დახარჯული ფულის მოცულობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომლის მიზანსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. ეს წესი საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ქვეყანა ჯერ ნატოში არ გაწევრებულა, თუმცა რეკომენდაციაა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ.

იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 2 პროცენტი მაინც იყოს, ის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილ მონაცემთან შედარებით დაახლოებით 90 მილიონით მეტი უნდა იყოს. ბიუჯეტის ახლად გამოქვეყნებული პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და განხილვის ეტაპზე მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი