ახალი ამბები

ვარდისუბნის ბაზარში თავდასხმის შედეგად 4 პირი, მათ შორის, არასრულწლოვანი დაშავდა – რ2

23 სექტემბერი, 2018 • 2781
ვარდისუბნის ბაზარში თავდასხმის შედეგად 4 პირი, მათ შორის, არასრულწლოვანი დაშავდა – რ2

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ “რუსთავი2” იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ბაზარში 6 პირისგან შემდგარი დაჯგუფება შევიდა, რომელიც სოფელ ყარაჯალას 4 მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულთაგან ერთი 14 წლის მოზარდია, სამ პირს კი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა “რუსთავი2”-ს განუცხადა, თავდამსხმელთა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ნაწილს კი ხელკეტები ეჭირა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ინციდენტის დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი