ახალი ამბები

შსს გერმანიის იმ რეგიონთან ითანამშრომლებს, რომელიც უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვდა

18 სექტემბერი, 2018 • 1752
შსს გერმანიის იმ რეგიონთან ითანამშრომლებს, რომელიც უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოქტომბერში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარესთან, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში დღის წესრიგში დააყენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი.

ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

“ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პასუხისმგებელი ვართ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ინტერპოლთან. ასევე, გასულ წელს გავაფორმეთ შეთანხმება ევროპოლთან და ჩვენი მეკავშირე ოფიცერი უკვე წარგზავნილია ევროპოლში. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით საპოლიციო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 17 ორმხრივი შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. კიდევ რამდენიმეზე ვმუშაობთ. გერმანიის 4 ფედერალურ მიწასთან გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი და კიდევ ორის გაფორმებას ვგეგმავთ: ბავარიასთან და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასთან, სადაც პირველი პრობლემები წარმოიქმნა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ”, – განაცხადა ჯავახაძემ.

ჯავახაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის ზონაში ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიზნით, ასევე, ეფექტურად მუშაობს პოლიციის ატაშეს ინსტიტუტი. მისი ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცველებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად 9 ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, 119 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 9 ე.წ. კანონიერი ქურდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი