ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: შეიძლება, ნატო ჩხეიძეს ეწყინა, რადგან ვერ იგრძნო პარტიის სათანადო მხარდაჭერა

18 სექტემბერი, 2018 • 3582
ირმა ინაშვილი: შეიძლება, ნატო ჩხეიძეს ეწყინა, რადგან ვერ იგრძნო პარტიის სათანადო მხარდაჭერა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის მოსაზრებით, შესაძლოა, პარტიის წევრ ნატო ჩხეიძეს ეწყინა, რომ “ომეგა ჯგუფისა” და “იბერიის” გარშემო დაწყებულ სკანდალში პარტიის სათანადო მხარდაჭერა ვერ იგრძნო.

“სამწუხაროდ, მე მასთან არ მქონია შეხვედრა, რომ გვესაუბრა ამ თემებზე და მე ეს ინფორმაცია გავიგე პირდაპირ რუსთავი 2-იდან. მეტს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ჩვენი პარტიის დეპუტატები არიან, ომეგას ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ მეც, თქვენსავით, გავიგე რუსთავი 2-ის ეთერით. არც გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი [პარტიიდან წასვლის], რომ მას თითქოს პარტიის მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ: იმისათვის, რომ შენს თანამებრძოლს, შენი გუნდის წევრს გამოუცხადო მხარდაჭერა, შენ ზუსტად უნდა იცოდე, რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვფლობდით ინფორმაციას და არ ვიცოდით დეტალები “ომეგას” ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე”, – თქვა ირმა ინაშვილმა დღეს, 18 სექტემბერს.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ნატო ჩხეიძემ, რომელიც არის ტელეკომპანია “იბერიასა” და “ომეგა ჯგუფის” თანადამფუძნებელი, 17 სექტემბერს თქვა, რომ ტოვებს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება. მისი ფრაქციიდან გასვლა კი გამოიწვევს ამ ფრაქციისა და, შესაბამისად, ფრაქციისთვის მინიჭებული სხვადასხვა პრივილეგიის დაკარგვას იმ შემთხვევაში, თუ “პატრიოტთა ალიანსი” შემცვლელს ვერ იპოვის.


“იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

9 სექტემბერს “რუსთავი 2-მა” სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სავარაუდოდ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2-ის” ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი