ნეტგაზეთი | 5 NGO: მატჩზე ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციული მოტივით სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს 5 NGO: მატჩზე ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციული მოტივით სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს – Netgazeti
RU | GE  

5 NGO: მატჩზე ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციული მოტივით სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე, საქართველო-ლატვიის მატჩზე, გულშემატკივრებისთვის ლგბტ სიმბოლიკის გამოყენების შეზღუდვას ეხმაურებიან. ისინი დისკრიმინაციულ მოტივებზე საუბრობენ და ბრძანების გამცემთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ხელმომწერთა განცხადებით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები სტუმრებს ჩხრეკდნენ და ლგბტ ატრიბუტიკის(სამკლაურები, დროშები, ბანერები…) აღმოჩენის შემთხვევაში, მათ აიძულებდნენ ეს ნივთები სტადიონის გარეთ დაეტოვებინათ.

“სტადიონზე აქტივისტებს მხოლოდ იმ ბანერების შეტანის საშუალება მისცეს, რომლებზეც გურამ კაშიას ლგბტ სამკლაური არ ეკეთა. აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და დინამოს სტადიონის წესების მიხედვით, რომელიც არ კრძალავს აღნიშნული მასალის სტადიონის ტერიტორიაზე შეტანას”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ლგბტ აქტივისტებისთვის სტადიონზე მალულად შეტანილი დროშის წართმევის ფაქტს და აღნიშნულს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებად აფასებენ:

“აღნიშნული ჩადენილი იყო დისკრიმინაციული მოტივით, რაც განპირობებული იყო ლგბტ თემისადმი მხარდამჭერი შეხედულებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ფეხბურთის ფედერაციის მითითებებით ხელმძღვანელობდნენ, რომელმაც გასცა გაფრთხილება ლგბტ  თემის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სიმბოლიკის სტადიონზე არდაშვების შესახებ. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, მათ ასეთი შეზღუდვა არ დაუწესებიათ”.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მათი თქმით, ძალადობრივად განწყობილი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, სახელმწიფო ზღუდავს ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ გასაჩუმებლად ირიბად იყენებს ნეოფაშისტურ ჯგუფებს.

“სწორედ ლგბტ სიმბოლიკის არდაშვების გაცხადებული მოთხოვნა ჰქონდათ ნეოფაშისტურ ჯგუფებს თამაშამდე. ისინი მოითხოვდნენ,  რომ აკრძალულიყო ლგბტ დროშების შეტანა სტადიონზე. სწორედ ამ შემთხვევაში გააუქმებდნენ ისინი  მუქარის შემცველ აქციას. სამწუხაროდ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი ჩაგრულ ჯგუფსა და მოძალადე ფაშისტურ დაჯგუფებებს შორის და მუქარას დაემორჩილა ლგბტ აქტივისტების გაჩუმების გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები სახელმწიფოსგან ზემოაღნიშნული ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ასევე საუბრობენ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, ვინც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში მონაწილეობდა. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა კი შესაბამისი ორგანოების მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

განცხადებას ხელს აწერენ: “თანასწორობის მოძრაობა”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “მედიის განვითარების ფონდი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი”.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რატომ შეუზღუდეს მოქალაქეებს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანა- პოლიცია კითხვებს არ პასუხობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან