ახალი ამბები

რატომ შეუზღუდეს მოქალაქეებს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანა- პოლიცია კითხვებს არ პასუხობს

10 სექტემბერი, 2018 • 3682
რატომ შეუზღუდეს მოქალაქეებს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანა- პოლიცია კითხვებს არ პასუხობს

საქართველო-ლატვიის მატჩზე დამსწრეთა ნაწილს რიგი აქსესუარების სტადიონზე შეტანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.  არაერთი მათგანი აცხადებს, რომ დინამო არენაზე შესვლამდე პოლიციელებმა მოახსნევინეს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურები. ადამიანები ყვებიან შემთხვევებზეც, როცა პრობლემა კონკრეტული აქსესუარის, მაგალითად, სტიკერის გამო შეექმნათ. თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ მსგავსი შეზღუდვა მათ არ დაუწესებიათ.

“თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მატჩზე მისულ აქტივისტებს პრობლემა იმ ნივთების გამო შეექმნათ, რომლებიც აკრძალულ აქსესუართა სიაში მითითებული არ იყო. მისი ინფორმაციით, ადამიანთა ნაწილს ჩამოართვეს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურები და დროშები. ერთ-ერთ მათგანს კი მაისურის გახდა მოსთხოვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ზედ გურამ კაშიას მხარდამჭერი სტიკერი ჰქონდა  მიკრული.

“ნივთების ჩამონათვალში არსად ეწერა არც დროშა და არც რაიმე ტიპის ბანერი. ბანერების ზომები მოცემული იყო იმ ჩამონათვალში და ჩვენც ამ მითითებებით ვიმოქმედეთ.
უკვე ადგილზე აღმოვაჩინეთ, რომ არ შეგვატანინეს ისეთი ტიპის ბანერებიც, როგორიც იყო A3 ფურცელზე დაწერილი “მადლობა გურამ”. ადამიანებს ჩამოართვეს სამკლაურები და დროშებიც.

ჩვენს ერთ თანამშრომელს, ცაბუნია ვართაგავას, რომელსაც უბრალოდ კაშიას ფოტო ჰქონდა მიკრული მაისურზე, მისი გახდა სთხოვეს. აბსურდია, მით უმეტეს, მაშინ, როცა ერთი მაისური გაცვია, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს?”, – უთხრა თაბაგარმა “ნეტგაზეთს”.

“თანასწორობის მოძრაობაში” გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკვე სწავლობენ, პროცესის დასრულების შემდეგ კი უეფასთვის მიმართვას გეგმავენ.

“გამოვიკვლევთ ყველა იმ დარღვევას, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან. გუშინ ცალსახად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება ლგბტ ადამიანებისთვის და ამ ყველაფერზე გვექნება რეაგირება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მივმართავთ უეფას და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რათა პასუხი მოეთხოვოთ მათ, ვინც კონკრეტულ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა”, – აცხადებს გიორგი თაბაგარი.

“ნეგტგაზეთის” ჟურნალისტმა თავადაც მოისმინა ერთ-ერთი პოლიციელის ნათქვამი გულშემატკივართა მიმართ: “მხოლოდ საქართველოს დროშა, არანაირი ელგებეტე”. მატჩის მიმდინარეობისას კი, “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტებს გაშლიდან რამდენიმე წამში ლგბტ დროშა ჩამოართვეს, რომელიც მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ დააბრუნეს. ერთ-ერთი მათგანის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, პროცესში მონაწილე პირები შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ და მაისურებზეც შესაბამისი აბრევიატურა ჰქონდათ დატანილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ არცერთი უწყებისთვის არ უთხოვიათ, სტადიონზე მატჩის მსვლელობისას რაიმე სახის სიმბოლიკა შეეზღუდათ. ფედერაციისთვის უცნობია ისიც, რატომ ჩამოართვეს აქტივისტებს ლგბტ სამკლაურები.

“არცერთ უწყებას არ მიუღია ჩვენგან დავალება, რომ ადამიანები, მაგალითად, [ლგბტ] სამკლაურებით არ შესულიყვნენ. მეც ვნახე, რამდენიმე ადამიანი წერდა, რომ სამკლაურით არ შეუშვეს. მსგავსი რაღაც[ჩვენი მხრიდან] არ ყოფილა. ერთადერთი, რაზეც იყო შეზღუდვა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იყო აალებად ნივთებზე და დიდი ზომის ბანერებზე, შინაარსის მიუხედავად. საუბარია დროშაზეც, თუ დიდი ზომის არის და აალებადია. მაგრამ არანაირი შეზღუდვა არც შინაარსიდან, არც სიმბოლიკიდან გამომდინარე, ფედერაციას არ ჰქონია”, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან გოლიაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის წინასწარი გაფრთხილება კონკრეტულად დროშებთან ან სხვა აალებად აქსესუარებთან დაკავშირებით, უწყებაში აღნიშნეს, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებიათ, რაც მათი შეცდომაა. ფედერაციაში შეცდომა ბოლო მომენტში მიღებული უსაფრთხოების ზომებით ახსნეს, რაც კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ლგბტ დროშების დაწვის მუქარასა და მსგავს განცხადებებს მოჰყვა.

“ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა კითხვით, მართლაც აიძულეს თუ არა სამართალდამცავებმა გულშემატკივართა ნაწილს კონკრეტული, ამ შემთხვევაში, ლგბტ სიმბოლიკის შემცველი აქსესუარების სტადიონის გარეთ დატოვება. თუ ეს ასე იყო, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს შეზღუდვა, როცა ფედერაციისგან მსგავსი მითითება არ ყოფილა. სტატიის მზადების პროცესში შსს-დან გვიპასუხეს, რომ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ წერილობით მიმართვის შემდეგ მოგვაწვდიან. წერილი უწყებაში გასაგზავნად უკვე მზადდება და მკითხველს პასუხს მისი მიღებისთანავე მივაწვდით.

ლგბტ ადამიანების მხარსაჭერისთვის უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარდამჭერები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ სტადიონის მეცხრე სექტორში. მათ ფეხბურთელის მხარდამჭერი ბანერები ჰქონდათ გადმოფენილი და პერიოდულად მის სახელს სკანდირებდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ კაშია სექტორთან მივიდა და მადლობის ნიშნად, გულშემატკივართა მიმართულებით თავისი მაისური ისროლა.

1:0 – საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებს მოუგო

მასალების გადაბეჭდვის წესი