ახალი ამბები

ჩუგოშვილის ინფორმაციით, იბერიასთან დაკავშირებული ჩანაწერი 5 წლის წინანდელია

11 სექტემბერი, 2018 • 1765
ჩუგოშვილის ინფორმაციით, იბერიასთან დაკავშირებული ჩანაწერი 5 წლის წინანდელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჩანაწერი, რომელიც “იბერია TV”-ს საქმეზე “რუსთავი2”-მა გაავრცელა, მისი ინფორმაციით, 5 წლის წინანდელია. ჩუგოშვილის თქმით, თუ ჩანაწერი რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან.

“მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი და ძალიან გამიჭირდება, ახლა ვისაუბრო.

…მე ეს ინფორმაცია მაქვს. შეიძლება, ვცდები, თუმცა მე მითხრეს, რომ წლების წინანდელ საუბარზეა ლაპარაკი. არ ვიცი, თვითონ საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ დანაშაულის ნიშნებია, აუცილებლად მიაქცევენ ამას ყურადღებას.

…მისი[ტელევიზიის] მფლობელების, კომპანიების და ბიზნესმენების მხრიდან მედიის ასე უპრინციპოდ გამოყენება გადასახადებისა და სახელმწიფო ვალდებულებების დაკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად არის არაკეთილსინდისიერი საქციელი”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ კომპანია “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ, მიმდინარე კვირაში ორჯერ გასაჯაროვდა: ერთხელ თვითონ “იბერიის” მიერ და მეორედ- რ2-ის მიერ. გასაჯაროებულ  საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2”-ის ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” რუსთავი 2-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერებზე კომენტარი არც ლევან ყიფიანს გაუვრცელებია.

როგორც “იბერია TV”-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, 5 წლის წინ, 2013 წელს, “იბერია” არ არსებობდა. არხმა მაუწყებლობა 2014 წელს დაიწყო, საინფორმაციო კომპონენტი კი 2016 წელს დაემატა.

” “იბერია” 5 წლის წინ არ არსებობდა, თუმცა,, თუ ეს საუბარი 5 წლის წინ იყო, ეს უარესი დანაშაულია, რადგან მაშინ სპორტის მინისტრი იყო ეს ადამიანი”, – აღნიშნა ხუზმიაშვილმა.

მანამდე, 7 სექტემბერს, “იბერიამ”  არხის დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ განაცხადა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მან ხელისუფლება ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტის მიმართ აქვს 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ იხდის. კომპანია ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” მთავრობის მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ასევე ამბობენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი