ახალი ამბები

“პირველკურსელები IBSU-ს!” – აქცია განათლების სამინისტროსთან

10 სექტემბერი, 2018 • 1812
“პირველკურსელები IBSU-ს!” – აქცია განათლების სამინისტროსთან

თბილისში, განათლების სამინისტროსთან, დღეს, 10 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სტუდენტები ითხოვენ, ავტორიზაციის საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება მიეცეს. სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნა არ ყოფილა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის გათავისუფლება და  შესაბამისად, მის გადაყენებას IBSU-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებენ.


ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავს იკავებენ საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისგან, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი ჯერ ბოლომდე კმაყოფილი არ არის ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამის შესახებ „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა ისაუბრა.

მან თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი