ახალი ამბები

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა

4 სექტემბერი, 2018 • 3765
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა

დღეს, 4 სექტემბერს, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი.

“უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არის ნათქვამი, სკოლის გახსნა ერთ-ერთი პირველი კონკრეტული შედეგია იმ ჩამონათვალში, რომელიც 2020 წლისთვის “აღმოსავლეთ პარყნიორობის” ფარგლებში 20 შედეგის მიღწევას ითვალისწინებს. ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას. სკოლაში თავდაპირველად ისწავლის 30 მოსწავლე აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა უპირველეს პრიორიტეტად და იმ ვალდებულების ნაწილად, რომელიც რეგიონის ახალგაზრდობის მხარდაჭერის გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება. პროგრამაში, რომელსაც მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა სთავაზობს, კომბინირებულია მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება. 16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე განთავსდა კერძო “ახალი სკოლის” ბაზაზე. მომავალში კი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი