ახალი ამბები

ვენაში აღმოსავლეთ პარტნიობის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაზე იმსჯელეს

12 დეკემბერი, 2018 • 1530
ვენაში აღმოსავლეთ პარტნიობის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაზე იმსჯელეს

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ავსტრიის დედაქალ ვენაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 ბიზნესფორუმი და ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელზეც შეიკრიბნენ მაღალი დონის წარმომადგენლები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ფორუმში, რომელზეც რეგიონში სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერაზე იმსჯელეს, სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმი და ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას იმისათვის, რომ წარმოვაჩინოთ დღემდე განხორციელებული ჩვენი ერთობლივი მიღწევები აღმოსავლეთ პარტნიორობის და 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგის ფარგლებში. ამ საფუძველზე ევროკავშირი განაგრძობს რეფორმებს სათანადო ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და შექმნის მეტ შესაძლებლობებს ახალგაზრდების სწავლის, შრომის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის”, – განაცხადა ჰანმა.

მისი თქმით, მიუხედავად დიდი პროგრესისა ყველა მიმართულებით, მეტი რამ არის გასაკეთებელი ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა და  მედიის დამოუკიდებლობა.

აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღმავების სურვილი გამოხატა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, კარინ კნაისლმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლელი მეზობლებისადმი მეტი გახსნილობის აუცილებლობაზე ისაუბრა ლიტვის ეკონომისკის მინისტრის მოაგილემ. მარიუს სკუადისის თქმით, ლიტვა უკვე 14 წელია ევროკავშირშია,  მაგრამ დღემდე ახალ წევრად მოიხსენიებენ, თუმცა ევროკავშირის გაფართოება ამ რეალობას შეცვლიდა.

“ლიტვა მე-16 ადგილზეა ბიზნესის კეთების რეიტინგში, საქართველო – მე-9-ზე. ავსტრია არ მახსოვს, სად არის. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებზე, მათაც აქვთ ჩვენთვის სასწავლი. აღმოსავლეთ პარტნიორობა ორმხრივი ქუჩაა”, – განაცხადა სკუადისმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმი და ყოველწლიური კონფერენცია 6-7 დეკემბერს ვენაში ჩატარდა, მომავალ წელს აღსანიშნავი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავის წინ. მას 500-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, მთავრობების, ევროკავშირის ინსტიტუტების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, ახალგაზრდობის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი