ევროინტეგრაცია და ოკუპაცია – ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები ქვეყნის ევროინტეგრაცია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო.

“ეს [ვიზიტი] არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველო ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე. ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ-იუნკერთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტმა ევროგაერთიანების პოლიტიკური მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის როლზეც ისაუბრა.

“ეს მისია აძლიერებს მათში[მოსახლეობაში] უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა

მან ჟან-კლოდ იუნკერი ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.

თავის მხრივ, იუნკერმა საქართველოს ევროკავშირისაკენ სწრაფვას გაუსვა ხაზი და ევროგაერთიანების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მანვე ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ორმხრივ ურთიერთობებში.

“ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან”, – თქვა მან.

ამავე საკითხებზე იყო საუბარი სალომე ზურაბიშვილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეხვედრაზეც. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა და ასოცირების შეთანხმების შემდგომ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

“კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ვალდებულება, რომ გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და მას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგრადობა”, – თქვა მან.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დონალდ ტუსკი ასევე მიიღებს მონაწილეობას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ანტონიო ტაიანის, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრებს – დიმიტრის ავრამოპოლუსსა და იოჰანეს ჰანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან