ახალი ამბები

ფაშისტური მოძრაობის ვიდეოს შსს იძიებს

31 აგვისტო, 2018 • 9069
ფაშისტური მოძრაობის ვიდეოს შსს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობისას, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

“საქართველოს ეროვნულმა ერთობამ” ვიდეო სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ისვრის მოძრაობის რამდენიმე წევრი. ვიდეოს “ფაშისტური კვირადღე” ჰქვია, აღწერაში კი მითითებულია, რომ მოძრაობის წარმომადგენლები “ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საქართველოს ეროვნული ერთობის” წინააღმდეგ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება იწყება. ასე მოხდა მიმდინარე წლის აპრილში გავრცელებული ვიდეოს შემთხვევაში, რომელშიც 3 იარაღი ჩანდა, მოძრაობის ორი წევრი კი ამბობდა, რომ  ყველა უნდა დაუდგეს გვერდში იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარ ტერიტორიას”, ამ შემთხვევაში უბანს, იცავს. 1 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ იარაღები პნევმატური იყო და გამოძიებაც შეწყდა.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი