ახალი ამბები

“მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სავარაუდოდ, გურამ კაშიას საკითხზე გამოკითხვაზე დაიბარეს

29 აგვისტო, 2018 • 3219
“მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სავარაუდოდ, გურამ კაშიას საკითხზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმე, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში მის მიერ გურამ კაშიას თაობაზე გავრცელებული კომენტარია.

“შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ…”, – დაწერა მორგოშიამ ფეისბუკზე კაშიას მისამართით.

ნეტგაზეთი მორგოშიასაც ესაუბრა და შსს-ს წარმომადგენელსაც. მორგოშიას ინფორმაციით, პოლიციაში დღეს 13:00 საათზე უნდა მივიდეს, თუმცა მიზეზი არ იცის. ის ჟურნალისტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ საქმე, სავარაუდოდ, სწორედ გურამ კაშიას ეხება.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი