განათლების ხარისხის განვითრების ცენტრი IBSU-ს მოთხოვნას პასუხობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით არ შეუძლიათ ავტორიზაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) მოუწოდებს, სააპელაციო საბჭოში გაასაჩივროს ერთი წლით სტუდენტების მიღების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

“ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნესპროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები,” – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭო 11 წევრისგან შედგება. კანონის მიხედვით, სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს. საბჭოს შეუძლია ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიზიაროს ან ავტორიზაციის  საბჭოს საკითხის განსახილველად ხელახლა დაუბრუნოს. კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას არ იწვევს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ისინი სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავენ. “ნეტგაზეთს” IBSU – ში უთხრეს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს. უნივერსიტეტი ცენტრისგან ითხოვს, საბჭოს გადაწყვეტილება დაჩქარებულ ვადაში ჩაბარდეს, რათა სააპელაციო საბჭოში გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდეს.

“ნეტგაზეთი” განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრს ვკითხეთ, დაჩქარებულ ვადაში თუ ჩაბარდება უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ცენტრის პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

გუშინ, 26 აგვისტოს IBSU – მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. თანხის გადახდის მიუხედავად, უნივერსტიეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, რომ უნივერსიტეტი ჯარიმის სამართლიანობას არ აღიარებს და დავას სასამართლოში აგრძელებს.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.