ახალი ამბები

ბოლო 8 თვეში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით შსს-მ 99 პირი დააკავა

27 აგვისტო, 2018 • 1569
ბოლო 8 თვეში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით შსს-მ 99 პირი დააკავა

1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ჯამში, 99 პირი დააკავა. ამის შესახებ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფორსმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამას გარდა, მისივე ცნობით, ბოლო კვირის მანძილზე სამართალდამცავებმა თბილისში, ანაკლიასა და ბათუმში 29 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სხვადასხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შეძენა და შენახვა, ნაწილს კი – გასაღება.

ჭელიძის განცხადებით, ანაკილაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე პოლიციამ, ჯამში, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავა. ნარკოტიკული საშუალებების  შეძენა-შენახვა გასაღებისთვის კი- 7; აქედან 5 ირანის, 2 კი საქართველოს მოქალაქეა. მათი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს მიაგნო აჭარაში, სადაც 1 პირი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების განცხადებით, პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი “სუბოქსინი” და 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე პერიოდში,პოლიციამ ირანის 2 მოქალაქეც დააკავა. ორივე მათგანისგან 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ადამიანები თბილისშიც დააკავა. თბილისის აეროპორტში 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჩხრეკისას კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი აღმოუჩინეს. ასევე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა 2 პირი აიყვანეს, რომელთაც სინთეტიკური ნარკოტიკი უპოვეს. ფონიჭალაში კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნარკოტიკის გასაღებისთვის დააკავეს 1 პირი, რომლისგანაც მანამდე საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა. მას 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი