ახალი ამბები

გვინდა გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი შორს დგას პოლიტიკისგან – IBSU

21 აგვისტო, 2018 • 3416
გვინდა გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი შორს დგას პოლიტიკისგან  – IBSU

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) იმედოვნებენ, რომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების ერთწლიანი შეზღუდვა პოლიტიკური გავლენით მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

“გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და გარეშე ძალების გავლენებისგან დაცლილი. გვინდა გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი შორს დგას პოლიტიკისგან,”- უთხრა “ნეტგაზეთს” IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე სუხიშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის (IBSU) სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას ასახელებენ. საუბარია 700 ათას ლარზე. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, უნივერსიტეტის ქონებას სრულად ადევს ყადაღა და ავტორიზაციის საბჭომ ეს ფაქტი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო. IBSU-ს წარმომადგენლი ამბობს, რომ ყადაღასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება 2018 წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს მათ შემოსავალს.

“ავტორიზაციის საბჭოს განმარტება სრულფასოვანი არ იყო. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტი ფინანსურად არამდგრადია და ახალი ნაკადის მიღებას ვერ შეძლებს. უნივერსიტეტის მთლიანი ქონება ბევრად მეტია, ვიდრე 700 ათასი ლარი. ჩვენი წლიური შემოსავალიც და ბრუნვაც 700 ათას ლარს ბევრად აღემატება. ყადაღასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა გვაქვს. ამ მძაფრი კონკურენციის პირობებში, რაც საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს, სად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ორი წელი ველოდოთ ახალი ნაკადის მოსვლას. თუ მეუბნებიან, რომ ფინანსურად არასტაბილური ვარ, მაშინ იმ გზას რატომ მიკეტავენ, რომელიც ერთ-ერთი წყაროა უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად,”-აცხადებს სალომე სუხიშვილი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. საბჭოს ფუნქცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭებაა. საბჭოს წევრებს უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთწლიანი ვადა აქვთ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

რატომ უნდა ანაღვლებდეს საქართველოს თურქეთსა და EU-ს შორის ურთიერთობების გამწვავება

განათლების მინისტრისა და IBSU-ს სტუდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი