ახალი ამბები

განათლების მინისტრისა და IBSU-ს სტუდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

21 აგვისტო, 2018 •
განათლების მინისტრისა და IBSU-ს სტუდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

განათლების მინისტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა განაცხადეს. სტუდენტების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი და უნივერსიტეტის მოთხოვნა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მიეცეს, არ შესრულდება. 

“ჩვენი კითხვები, ბუნებრივია, შეეხებოდა აბიტურიენტებს, რომლებიც IBSU-ში აბარებდნენ, ისინი იქ ვეღარ ისწავლიან. მათ ეს ინფორმაცია გუშინ გაიგეს. მინისტრის პასუხი იყო, რომ განცხადება ბოლომდე წაკითხული არ ჰქონდა, თუმცა რაც იცოდა, ამბობდა, რომ უნივერსიტეტის საკითხი განათლების სამინისტროს არ ეხება და ამაზე გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს. მინისტრს შევხვდით, მაგრამ პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღეთ,” – ამბობს  IBSU-ს სტუდენტი ნიკა კობერიძე.

სტუდენტებისა და მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

“მინისტრისგან ჩვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ. ის გვპასუხობდა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ იყო. მან, უბრალოდ, განგვიმარტა ის, რაც დასკვნაში ეწერა. მეტი არაფერი,” – ამბობს სტუდენტი ნიკა ლეთოდიანი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ გააკეთა. ალექსანდრე თევზაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს, სამინისტრო სხვა უნივერსიტეტებს შესთავაზებს.

“რამდენადაც ჩვენ ვიცით, ავტორიზაციის საბჭოს ჰქონდა გარკვეული კითხვები უნივერსიტეტთან სწავლების ხარისხის მიმართულებით. ამასთან, ამ საბჭოს ჰქონდა კითხვები უმაღლესი სასწავლებლის ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებითაც. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს,” – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე, გადაიხედება თუ არა ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს ერთი წლით აუკრძალეს სტუდენტების მიღება, ალექსანდრე თევზაძე პასუხისმგებლობას მთლიანად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრებს. მისი თქმით, ცენტრი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელმაც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ავტორიზაციის საბჭო შექმნა. 

“გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა უნივერსიტეტში და დაინტერესებული ვართ ამ უნივერსიტეტის გამართული მუშაობით, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სტუდენტების განათლების უფლება,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წელს 800-მა აბიტურიენტმა მიუთითა IBSU პირველ სასწავლებლად.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში არსებული ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ერთი წლით სტუდენტების მიღების პროცესი შეუჩერდა. უწყება  უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას ასახელებს. საუბარია 700 ათას ლარზე. 

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა იყოს, ჯერ არ გასაჯაროებულა. კანონის მიხედვით ცენტრს ამისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. საბჭოს წევრებს უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთწლიანი ვადა აქვთ.

რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას,  IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჯარიმის საკითხზე ამ ეტაპზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი