ახალი ამბები

ოქროთი მდიდარი კაზრეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე [ფოტო/ვიდეო]

28 თებერვალი, 2014 • • 6575
ოქროთი მდიდარი კაზრეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე [ფოტო/ვიდეო]

Rich Metal Group-ში დასაქმებული მუშების გაფიცვამ დაბა კაზრეთში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. დაბაში გაფიცული იყო მაღაზიები, სკოლა, საბაშვო ბაღი. მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია.

 

14 თებერვლიდან დაწყებული გაფიცვის მონაწილეები დღესაც RMG-ის სპილენძისა და ოქროს მადნის გადამამუშავებელი საწარმოს წინ შეიკრიბნენ. გაფიცვაზე მისული ადამიანების რაოდენობამ პიკს შუადღეს მიაღწია. აქციაზე 2 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი იმ გზის ორივე მხარეს არიან ჩამწკრივებულნი, რომელიც RMG-ის კომბინატს დაბასთან აკავშირებს.

საწარმოს შესასვლელს დაცვა იცავს, ხოლო გზის პირას პოლიციაა მობილიზებული. პოლიციელები კომბინატიდან მომავალი მანქანების გამოჩენაზე აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებას სთხოვენ. თუმცა სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ხელს ვერ უშლიან,  გამოჩენილ მანქანებს შეძახილებით რომ შეხვდნენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საწარმოში მათ ნაცვლად, როგორც თვითონ ამბობენ, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები მუშაობენ.

 

სავალი ნაწილის პირას აქციის რვა მონაწილე შიმშილობს. მეცხრე მონაწილე 24 თებერვალს გამოეთიშა, რადგან მას ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთება დასჭრიდა. სასწრაფო დახმარება რვა მოშიმშილისთვის ჩვენი კაზრეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე გამოიძახეს. მოშიმშილეთა კარავს აწერია – “უვადო შიმშილობა”.

კაზრეთში ჩასულმა სახალხო დამცველმა RMG-ის კომბინატში შესვლა ისურვა, თუმცა, უშედეგოდ. იგი საწარმოში არ შეუშვეს. სამაგიეროდ, უჩა ნანუაშვილი აქციაზე მისულ ადამიანებს გაესაუბრა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. კაზრეთელები ამბობენ, რომ თუ RMG-ის ადმინისტრაცია გაციფულების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, კაზრეთში იგივე მოხდება, “რაც უკრაინაში მოხდა”.

 

გაფიცულები ითხოვენ, რომ მათთან შესახვედრად რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი მივიდეს. მათ ეს მოთხოვნა აქციაზეც გააჟღერეს. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გაფიცულებს უნდა ეხმარებოდეს საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებათა მაგიდაზე დასაჯდომად, რათა პროცესებმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს”.

გაფიცული კაზრეთი

 

“იქ ახლა გაფიცვა არის მუშების, თორემ აქ სავსე იქნებოდა ახალგაზრდობა. სად წავიდნენ, რა გააკეთონ?!”- გვითხრა კაზრეთის მცხოვრებმა გოგი ყაფლანიშვილმა, რომელიც თავის სხვა მეზობლებთან ერთად “ბირჟაზე” მჯდომი შეგვხვდა.

 

“აქ ერთი-ორი პირი სარგებლობს. თითო დირექტორი იღებს 50 ათასს, 40 ათასს და მუშას 300, 400, ჰა, ათასი მანეთი რომ მისცენ, კარგ სპციალისტს”,-  გააგრძელა საუბარი არჩილ ყაფლანიშვილმა და დაამატა, რომ ამ დღეებში “ძაან შიმშილი” განიცადეს, რადგან მაღაზიები დაკეტილი იყო.

 

უშუალოდ აქციებზე მყოფი თუ დასახლების ქუჩებში შემხვედრი ადამიანები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კაზრეთში მთავარი პრობლემა უმუშევრობა, მთავრობისგან უყურადღებობა  და სოციალური უთანასწორობაა.

 

ადგილობრივებისთვის დასაქმების ერთადერთი ადგილი RMG-ის სპილენძისა და ოქროს გადამამუშავბეელი საწარმოა. კაზრეთელები ჯავრობენ, რომ “ოქროსა და სპილენძზე გაშენებული” დაბიდან, რომელსაც მადნის უმდიდრესი მარაგი აქვს, ისე მიედინება მატარელებით დოვლათი, რომ ადგილობრივები ხელფასს მხოლოდ ვალების გადასახდელად იღებენ.

 

“ოჯახიდან ერთი კაცი რომ მუშაობს, იჭირვებს: ხუთას ლარს იღებს ხელფასს თუ რვაას, ანაწილებს თვიდან თვემდე ვალებით. ზოგი იმ ვალსაც ვერ ისტუმრებს, ხელფასს რომ იღებს. აღარ ყოფნის, რომ გაუნაწილოს ის ვალები. შემდეგ თვეს ელოდება, რომ ნაწილი გადაუხადოს”,- გვიყვება აქციაზე მყოფი ყაფლანიშვილი შამილი.

შამილ ყაფლანიშვილი იმასაც ყვება, რომ მადნის კარიერული წესით მოპოვების გამო გარემო განსაკუთრებით ბინძურდება:

 

“აქ გადიან მადნით დატვირთული დიდი მანქანები, კირით დატვირთული. მოაქვს საშინელი მტვერი სიცხეში.”

 

ჩვენი კაზრეთში ყოფნის დროს მდინარე კაზრეთულაში დაბინძურებული წყლის გარკვეული რაოდნეობა ავარიულად ჩაუშვეს. მდინარე კაზრეთულა მდინარე მაშავერას შენაკადია. RMG-მ აღნიშნული დაადასტურა და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობა კაზრეთში უკონტროლო სიტუაციამ გამოიწვია.

“იმის გამო, რომ საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან უკანონო აქციას და არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა,”- აცხადებს კომპანია.

 

გაფიცული კაზრეთელები გარემოს დაბინძურებაზე მეტად იმაზე წუხან, რომ RMG-ში დასაქმებულია კაზრეთის მცირე, 20%, ხოლო დანარჩენი დასაქმებული საქართველოს სხვა რეგიონიდანაა ჩამოსული.

“ვინც მოვიდა, თავისი მოიყვანა და ადგილობრივი დარჩა დაჩაგრული”,- გვითხრა ნელი ბიძინაშვილმა, რომელიც სახლის წინ მეზობლებს უახლოეს დღეებში დასაფარ გაზის გადასახადის თაობაზე ესაბრებოდა. დასახლების ნაწილს ელექტროენერგია გამორთული უკვე ჰქონდა, თუმცა “ენერგოპორჯორჯიამ” მათ დენის მიწოდება აღუდგინა.

 

ნელიმ გვიამბო, რომ შემოსავლის კიდევ ერთი წყარო კაზრეთელებისთვის პენსიაა, რომელიც კომუნალური მომსახურების გადახდაში ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარება.

ქალაქი და სოფელი ერთ დასახლებაში

 

ნელი ბიძინაშვილმა ორიოდ სიტყვა კაზრეთის ისტორიის შესახებაც გვითხრა. როგორც იგი ამბობს, დაბა კაზრეთი 1970-იან წლებამდე სოფელი იყო. ხოლო 1973 წელს, კაზრეთში კომბინატის აშენების შემდეგ “სიცოცხლე ადუღდა”. ამ დროს დასახლდნენ აქ სხვა რაიონებიდან ის ადამიანები, ვისაც საწარმოში უნდა ემუშავა.

 

საწარმოს მუშებისთვის აშენებულმა კორპუსებმა კაზრეთის იერსახე შეცვალა. კაზრეთში კორპუსები და კერძო სახლები პატარა ბოსტნებით გვერდიგვერდ დგას. კორპუსების ეზოებში აშენებული საქათმეები და სადარბაზოებთან შეგროვილი შინაური ფრინველი დაბის ურბანულ სურათს რურალურობის ელფერს აძლევს.

 

“ნაკვეთები გვაქვს, იქაც აღარაფერი აღარ მოდის, ლპება. მტვერი და წვიმა მოწამლული მოდის და მოსავალი არ მოგვდის და პენსიის ანაბარა ვართ. ვარსებობთ, კი არ ვცხოვრობთ. ელემენტარულს ვიკმაყოფილებთ, რასაც ქვია. შეხედეთ ნებისმიერის სახლ-კარს. კორპუსებში არ აქვთ მიწები. კერძო ბინა ვისაც აქვს, იმას აქვს მიწები. 1000-2000 ათას მეტრამდე. კორპუსში ვინც ცხოვრობს, ყველა შეჰყურებს ხელფასს,”- ამბობს ნელი ბიძინაშვილი.

 

მისი განმარტებით, კორპუსის მოსახლეობა კერძო სახლებში მცხოვრებლებს სჭარბობს. კაზრეთის მცხოვრებლებს გაზი, დენი და წყალმომარაგება მიეწოდება. მათ ინდივიდუალური მრიცხველები აქვთ. დაბაში მთავარი ქუჩები ასფალტირებულია, თუმცა, არა ყველა ქუჩა.

გადაადგილების მთავარი ტრანსპორტი დაბაში, რომლის ფეხით შემოვლას ერთი საათი დასჭირდება, საკუთარი მანქანაა. თბილისთან დამაკავშირებელი საქალაქთაშორისო ავტობუსია. ბოლო ავტობუსი კაზრეთიდან 5-ის ნახევარზე გამოდის.

 

RMG და გაფიცულები

 

“რომელი შვილიც დედამ დაწყევლა, ყველა კაზრეთში მოვიდა”,- გვითხრა RMG-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც საკუთარი სახელის და გვარის გამჟღავნება არ ისურვა. მან ისაუბრა იმაზე, რომ საწარმოში არ აძლევდნენ სპეციალურ ფორმას, რომელიც წელიწადში ორჯერ უნდა მიეწოდებინათ.

 

“არანაირი სპეცტანსაცმელი არ გვაქვს, არანაირი ხელსაწყოები არ არის. მერვე წელი წავიდა და სპეცტანსაცმელი დაგვირიგდა ორჯერ. წელიწადში ორჯერ უნდა დარიგდეს -ზაფხულის და ზამთრის.”


საწარმოს მუშები კოლექტიური ხელშეკრულებების დადებას, სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების 100%-იან ზრდას ითხოვენ. RMG თავდაპირველად მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას კატეგორიულად გამორიცხავდა. თუმცა მუშებთან შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაცია სამუშაო პირობების, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობსება და 44 თანანმშრომლის აღდგენას დათანხმდა, ხოლო ხელფასების ზრდასა და ყველა თანაშრომლის აღდგენაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ გაფიცულებმა თავიანთ მოთხოვნას კიდევ ერთი – ადმინისტრაციის შეცვლა დაამატეს.

 

“მიზანი რა არის ჩვენი. ესენი აჭიანურებენ. შეგვეხვეწებიან კიდეც, რომ ჩვენ დავბრუნდეთ და ვიმუშაოთ. ჩვენ მარტო დაბრუნება არ გვინდა. თუ ეგენი [ადმინისტრაცია] არ წავიდნენ, ჩვენ მოგვივა დიდი შეჯახებები აუცილებლად. აუცილებლად უნდა წავიდნენ,” – ამბობს შაქარაშვილი აბესალომი.

 

აქციის მონაწილე გურამ ურუმაშვილი ამბობს, რომ გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაციამ სხვა თანამშრომლები დაიქირავა.

 

“წავიდნენ, სადღაციდან მოკრიფეს ხალხი, ზოგი მოიყვანეს, ზოგი გაიქცა თავისით, კახეთიდან ჰყავდათ მოყვანილი ზოგი. უნდათ, რომ გამოსვლები მოეწყოს, აქციები იყოს. ალბათ, უნდოდათ, რომ სხვა მიმართულებით განვითარებულიყო აქციები”,- ამბობს გურამ ურუმაშვილი.

 

აქციაზე კი არა მარტო კაზრეთელები, არამედ ბოლნისისა და დმანისის მცხოვრბელებიც იმყოფებიან, როგორც აქციის მონაწილეებმა გვითხრეს.

 

თავად კაზრეთში საპროტესტო მუხტს ყველა არ იზიარებს და საწარმოში კაზრეთის მცხოვრებლების ნაწილი მაინც დადის. ამას აქციის მონაწილეებიც ადასტურებენ.   

 

“ძალიან ცოტა ნაწილი. დადიან ერთეული ელემენტები, ვისაც არც მეზობლის ხათრი აქვს, არც მეგობრის ხათრი აქვს”,- ამბობს აქციის მონაწილე გურამ ურუმაშვილი.

 

კაზრეთის ქუჩებში შემხვედრი ადამიანები იხსენებდნენ სლავა კუჭაშვილს, რომელიც RMG-ში 2013 წლის 27 მარტამდე მუშაობდა. შსს-ს განცხადებით, კუჭაშვილი სანადიროდ მიდიოდა და თოფი გაუვარდა, თუმცა საქმე თვითმკველობის მუხლითაა აღძრული. თავად ადგილობრივები კი ამტკიცებენ, რომ მონადირეს თოფი არ გაუვარდებოდა და მან თავი მძიმე ეკონომიკური პირობებისა და ბანკის ვალების გამო მოიკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი