ახალი ამბები

დარჩება თუ არა შავი ზღვა ქაფშიის გარეშე

26 თებერვალი, 2014 • • 1890
დარჩება თუ არა შავი ზღვა ქაფშიის გარეშე

მეთევზეები უცხოური გემების აღჭურვილობაზე და ამით გამოწვეულ შედეგზე – შავი ზღვიდან ქაფშიას მიგრაციაზე საუბრობენ. სახელმწიფო მოხელეები მეზღვაურების ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

მეზღვაურები დარწმუნებულნი არ არიან, რომ მათ ვინმე მოუსმენს, მაგრამ მცდელობას არ აკლებენ. მათ უნდათ მთავრობას აუხსნან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებულ ქაფშიას საბოლოოდ განდევნის ამ ზონიდან.

 

მეთევზეები საფრთხედ შავ ზღვაში შემოსული სეინერების აღჭურვილობას განიხილავენ. მთავრობის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კანონი შეიცვლება.

 

ქაფშიას რისხვა – მაგნიტური იმპულსები

 

მერაბ წილოსანი, მეთევზე: “ქაფშიას სეზონი, წესით, ოქტომბრიდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მაგრამ უკვე ერთი თვეა თევზი აღარ არის. წელს, ძირითადად, ლიფსიტებს იჭერენ, ანჩაუსები (12-15 სანტიმეტრის სიგრძის თევზი) აღარ გვხვდება. აკრძალვები შარშანვე უნდა დაწესებულიყო მარაგის გადასარჩენად. ეს გამოიწვია უცხოური გემების აღჭურვილობამ – ელექტრომაგნიტური იმპულსების გამომწვევი სონარის ქონამ. იმპულსები, რომლებსაც ეს აპარატი გამოსცემს, იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თევზი 10 კილომეტრზეც აღმოაჩინოს. ეკრანზე პირდაპირ ეწერება თევზის რაოდენობა, ჯოგის სიდიდე, სახეობა… დანადგარს შეიძლება თევზი ნებისმიერი მიმართულებით განდევნოს, ჯოგი გააერთიანოს. თევზებს აქვთ კოლექტიური მახსოვრობის უნარი, შესაბამისად, სონარით იმდენად პანიკდებიან, რომ დასხივების ზონას აღარ ეკარებიან.

 

სონარით შეიძლება ზღვაში აღმოაჩინო ე.წ. ორმოები, სადაც თევზი დილის 7-დან საღამოს 5 საათამდე იძინებს, შტორმს თავს აფარებს. სონარებით ამ ორმოებიდან ყრიან თევზს და იჭერენ. ორმოში ლიფსიტებიც არიან. გადარჩენილი ლიფსიტები სონარით დასხივებულ ორმოს აღარ ეკარებიან, ეს მათთვის იგივეა, რაც ჩვენთვის სახლის დაბომბვა, რადიაცია. თევზი იძულებულია სახლი სხვაგან გააკეთოს.

 

თურქეთში სონარების გამოყენება მეტწილად აკრძალეს. ჩვენთანაც უნდა აიკრძალოს. ეს დანადგარი იაპონიამ გამოიგონა, მაგრამ უმკაცრესი შეზღუდვები დააწესა, ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდ აკრძალა. შავი ზღვა ჩაკეტილი ზღვაა, სონარის გამოყენება არ შეიძლება.

 

სონარების გამო დელფინები არ მოვლენ, დელფინი არ მოვა – აღარც სტავრიდა იქნება.

 

ახლა დასაშვებ 7 სანტიმეტრზე პატარა თევზს იჭერენ – სიგრძის გამოთვლის წესი შეცვალეს, თევზის ზომაში კუდიც შეაქვთ, რაც ყოველთვის არის 2 სანტიმეტრი. სინამდვილეში 4-5 სანტიმეტრის თევზს იჭერენ.

 

სოსო ქარცივაძე, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი: “სონარის მავნებლობაზე ჩვენ არაფერი ვიცით, მადლობელი დავრჩებით, თუ მოგვაწვდიან დადასტურებულ ინფორმაციას. იაპონიამაც კი აკრძალაო? – არ ვადასტურებ, არ აუკრძალია.

 

თევზის ზომას რაც შეეხება, კანონის შეცვლაზე როცა ვიმუშავებთ, ერთ-ერთი განხილვის საგანი თევზის ზომაც იქნება. წელს, რამდენადაც ვიცი, დადგენილი ნორმების დარღვევა არ გამოუვლენიათ.”

 

გრანდიოზული ქისაბადე შავ ზღვაში

 

დავით ნიკურაძე, მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფკავშირი: “2005 წლამდე სეინერებს ჰქონდათ უფლება, ეთევზავათ ქისაბადეებით, რომლის სიგრძე იყო 800 მეტრამდე, სიღრმე – 110 მეტრი. სანაპირო დაცვამ 2011 წელს ერთი სეინერი დააკავა და ბადის ზომების დარღვევა დაადგინა. ზუსტად იმ დღეს 21-მა თურქულმა სეინერმა დატოვა საქართველოს წყლები. შემოწმებიდან სამ თვეში მიიღეს კანონი – ქისაბადის სიღრმე გაიზარდა ჯერ 200, მერე – 300 მეტრამდე. სიგრძეზე შეზღუდვა საერთოდ მოიხსნა.

 

ყველა ქვეყანას ზუსტად ის სტანდარტი აქვს, რაც ჩვენ გვქონდა 2005 წლამდე: თურქეთში მეთევზეები მხოლოდ 163 მეტრი სიღრმისა და 900 მეტრი სიგრძის ქისაბადეს ხმარობენ. ჩვენთან შემოსული თურქული სეინერების ბადის სიგრძე კი დაახლოებით 2 კილომეტრია. ამხელა ქისაბადეს სონარით თავმოყრილ თევზს რომ დააყრი, აღარაფერი გადარჩება. ამ ბადეს იმდენი თევზი მოჰყვება, რომ მისი ბორტზე ამოტანა შეუძლებელია, გემს გადააყირავებს. ამიტომ ბადის ზედა ნაწილში ამოსულ თევზს ანუ ნაღებს ხვეტავენ და დანარჩენ, გაჭყლეტილ თევზს წყალში ყრიან.

 

მკვდარი თევზი ფსკერზე ისეთ სუნს აყენებს, რომ მინიმუმ სამი წელი თევზი იქ არ ჩერდება. ესეც ერთ-ერთი მიზეზია მიგრაციის შეცვლის.

 

ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში ასე აღჭურვილი გემებით მოსპეს თევზი. მარაგის განადგურების გამო უკრაინამ და რუსეთმა აზოვის ზღვაზე 10 წლით აკრძალა თევზჭერა. მალე მსგავსი ფაქტის წინაშე ჩვენც აღმოვჩნდებით.

 

სოსო ქარცივაძე: “საქართველოს კანონმდებლობა თევზჭერასთან დაკავშირებით შესაცვლელია. ახლა დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ როდესაც ცვლილების განხილვას დავიწყებთ, ყველა დაინტერესებულ პირთან გავივლით კონსულტაციას. კანონის ცვლილებაზე მუშაობა უახლეს მომავალში იგეგმება.”

 

ირაკლი ჭავჭანიძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსი: “ბევრად უფრო პატარა ბადეებია დღეს ზღვაზე, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია. ბადის მაქსიმალური სიღრმე, რომელიც გააჩნიათ სარეწაო გემებს – 182 მეტრია. არავინ შეკერავს ამაზე დიდ ბადეს, რადგან მეტი ხარჯია. ამ ზომის ბადე 500 ათასი დოლარი ღირს. კანონმდებლობით დაშვებული ბადე რომ შეკერონ – 700 ათას გადააჭარბებს. ასეთი ბადე გამოუყენებელი იქნება, ვინაიდან ჩვენთან 120 მეტრს ქვემოთ სივრცეში გოგირდწყალბადია და თევზი აღარ არის.

 

მეზღვაურები სტავრიდაზე

 

– 2013 წელს ერთ-ერთმა თურქულმა სეინერმა გონიოს წყლებში დაიჭირა 300 ტონამდე სტავრიდა. დაიჭირა ისეთი ქისაბადით, რითაც მხოლოდ ქაფშიის დაჭერის უფლება ჰქონდა. დაჭერილი სტავრიდის 2/3 საქართველოში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ არაფერი დატოვა. სტავრიდა მინიმუმ 2 დოლარი ღირს, სეინერმა 600 ათა- სი დოლარი გააკეთა. ამ თანხის თევზს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვერ ვიჭერთ. 

 

ეს ფაქტი “კაპიტან პორტაშია” დაფიქსირებული.

 

ირაკლი ჭავჭანიძე: “ამაზე ჭორი მეც მსმენია, მაგრამ 300 ტონა სტავრიდა ერთ გემს არასოდეს დაუჭერია. მეეჭვება, თურქეთიდან გემი შემოპარულიყო, დაეჭირა თევზი და გაპარულიყო. არ მჯერა მაგის.”

 

მეთევზეები ლიცენზიების შესახებ

 

– 2005 წლისთვის 43 მოძველებული სეინერი გვქონდა, მაგრამ ვერ გადავიხადეთ აუქციონში მონაწილეობისთვის 250 ათასი ლარი. ლიცენზიები ისეთმა ხალხმა ჩაიგდო ხელში, ვისაც სეინერებიც კი არ ჰქონდა.

 

ლიცენზიანტები ძირითადად თურქულ გემებს ქირაობენ. ეს ლიცენზიანტები ახლა თავადაც ცუდ დღეში არიან, კოტრდებიან, მაგრამ გემები ნახულობენ დიდ სარგებელს – წელიწადში მინიმუმ 25 მილიონი დოლარი გააქვთ აქედან. სეზონის დასაწყისში ქაფშიას ფასი 11 ლირა იყო თურქეთში, ახლა შვიდი ლირაა. ლიცენზიანტებს კილოგრამში 2 ლარს უხდიან.

 

ამჟამად 500 თურქი მეზღვაური მუშაობს ჩვენს წყლებში, მაშინ როცა ქართველი მეთევზეები უმუშევრად ვართ. ხელშეწყობა რომ გვქონდეს, დარგი ფეხზე დადგებოდა. მაგრამ ჩვენ კანონით ახლა იმის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ჩვენთვის განკუთვნილი 10%-ის მოპოვებისთვის ძველი სეინერი ახლით ჩავანაცვლოთ.

 

ირაკლი ჭავჭანიძე: “სანაპირო მეთევზეები ყოველთვის რაღაცას ჭორაობენ გემებზე, გემების მეთევზეები ჭორავენ სანაპიროს მეთევზეებს. ყველა ერთად იმას ამბობს, რომ ლიცენზიანტები არიან თურქები, რაც არასწორია. ჩემი სამსახური ამ ჭორების არსის გარკვევაზე არ მუშაობს.

 

ამ სეზონზე 19 ერთეული თურქული სეინერი იყო შემოსული, ერთი სეინერიც ლიცენზიანტს გააჩნია. ამ წუთას დარჩენილია 12 გემი, რადგან თევზი შემცირდა ზღვაში. 33 ქართული სეინერი აწარმოებს რეწვას ამ წუთას ფოთში.”

 

მეზღვაურები ანაკლიის ნაკრძალში

 

– ერთი კვირის წინ ანაკლიის ნაკრძალში თურქული სეინერები შეუშვეს. ჩვენებს ხელი შეუშალეს.

 

ირაკლი ჭავჭანიძე: “ანაკლიის დაცულ ზონას აკონტროლებს როგორც სასაზღვრო პოლიცია, ისე სხვა სამსახურები. იქ გემები ვერ შედიან, სწორედ ამიტომ ორი წელია იფიცებიან მეზღვაურები – შეგვიშვით, შეგვიშვითო. დაცული ტერიტორია სულ ხუთი მილია. იმის შემდეგ აფხაზეთის სასაზღვრო ზონაა, სადაც დადიან როგორც ქართველები, ისე თურქები. ქართველების თქმით, მთელი ზონა თურქებს აქვთ დაკავებული და თვითონ ვერ შედიან. ისინი ამბობენ, რომ თურქული გემები უფრო სწრაფები არიან და ასწრებენ ტერიტორიების დაკავებას. სახელმწიფო გემების სისწრაფეს ვერ დაარეგულირებს.

 

იმის თქმა, რომ თევზი არ არის, ტყუილია, პირიქით – ძალიან ბევრი თევზია. ზოგჯერ შეიძლება ვერ იპოვონ თევზი, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში თევზი დაცულ ტერიტორიებში შედის, როგორც მეთევზეები იძახიან, დასასვენებლად, ან აფხაზეთში გადადიან: თევზი ქვიშა ხომ არ არის, ერთ ადგილზე ეყაროს. დაცულ ზონაში საკვები როცა უთავდებათ, მერე გამოდიან გარეთ. ბოლოს ორი დღის წინ გავიდნენ სეინერები, მანამდე 5 დღე არ იყო თევზი.”

 

ირაკლი ჭავჭანიძის ინფორმაციით, თევზჭერის წესების მნიშვნელოვანი დარღვევა 2011 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი