ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა, მის ადგილას, მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. სუბელიანის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მისი შვილის მონაწილეობის ამბავი.
აღნიშნული განცხადება შოთაძემ იმის შემდეგ გააკეთა, რაც გიგა ბოკერიამ მას კითხვით მიმართა, იყო თუ არა სუბელიანის გადადგომა სწორი. თავდაპირველად შოთაძემ ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:
“რაც შეეხება, ამ ფაქტს, სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით და მე დავუკმაყოფილე. არ ვაპრებ მე ამის შეფასებას. ეს არის ადამიანური გადაწყვეტილება. მე არ მაქვს ვალდებულება, შეფასებები ვაკეთო. მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილზე, მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რათა პროკურატურა ამერიდებინა ზიანისგან,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამ პასუხის შემდეგ, ბოკერია კვლავ ჩაეკითხა შოთაძეს და განმარტა, რომ თავად მირზა სუბელიანმა დაკითხვისას თქვა, რომ შოთაძემ მას გადადგომისგან უარის თქმა ურჩია. ამაზე შოთაძე პასუხობს:
“კი, მართალია, ვუთხარი მე ეს. მე ასე მოვიქცედოიდი [გადავდგებოდი], მაგრამ მე ვიყავი მთავარი პრკურორი და მე ვალდებულება მქონდა, ჩემი თანამშრომლები დამეცვა. შესაბამისად, მე მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიენის გადადგომის არანაირი საფუძველი არ არსებობდა,” – განმარტავს ირაკლი შოთაძე.
სუბელიანის გადადგომის თემას წინ უძღვოდა მისი არდაკითხვის საკითხი. ბოკერიამ შოთაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ გასცა მან მირზა სუბელიანის დაკითხვის ბრძანება. სუბელიანმა ამ კითხვის შემდეგ შოტაძემ განაცხადა, რომ მან პროკურორ მიხეილ შანყულაშვილს მისცა დავალება “მირზა სუბელიანის შვილის დაკავშირებით ყველა აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ჩაეტარებინა,” თუმცა, არ დაუკონკრეტებია, შედიოდა თუ არა ამ დავალებაში კონკრეტულად მირზა სუბელიანის დაკითხვა.
შოთაძის თქმით, მირზა სუბელიანი ესწრებოდა მისი შვილის დაკითხვებს, ვინაიდან ის არასრულწლოვანი იყო და თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს. მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ სუბელიანი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს მირზა სუბელიანს აღკვეთ ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების მიხედვით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი ბრალს სრულად აღიარებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.