ახალი ამბები

მირზა სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

9 ივნისი, 2018 • 2050
მირზა სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მივიდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მისი დაკითხვის პროცესი, დაახლოებით, 12:45-ზე დაიწყო.

სამინისტროში შესვლამდე სუბელიანს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძებასთან თანამშრომლობს.

აღნიშნული დაკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მირზა სუბელიანისთვის რიგით მესამეა. ბოლოს  მას 7 ივნისს, დაახლოებით, 9 საათის მანძილზე კითხვადნენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს.  მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. “რუსთავი 2–ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ სუბელიანი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი