ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა

31 ივლისი, 2018 • 2895
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი ეწვევა. მერკელის ვიზიტი, ერთ-ერთი საკითხი იყო რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე.

“პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში” – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემისერის ადმინისტრაციის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე – განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში:

“შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა – „მწვანე ეკონომიკა”.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი