ევროპარლამენტში ევროპული ღირსების ორდენის პირველი ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ევროპული ღირსების ორდენი შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა. ჯილდოს მიზანია იმ პირთა მიღწევების დაფასება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპის ერთიანობაში, ასევე ევროპული ფასეულობების პოპულარიზაციასა და დაცვაში.
ევროპის ღირსების ორდენს სამი რანგი აქვს: ორდენის წევრი, ორდენის საპატიო წევრი და ორდენის გამორჩეული წევრი.
ღირსების ორდენის გამორჩეულ წევრებად (Distinguished Member) დასახელდნენ:
- ანგელა მერკელი — გერმანიის ყოფილი კანცლერი;
- ლეხ ვალენსა — „სოლიდარობის“ ყოფილი ლიდერი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი;
- ვოლოდიმირ ზელენსკი — უკრაინის პრეზიდენტი.
ორდენის პირველი საპატიო წევრები (Honourable Member) არიან:
- ვალდას ადამკუსი — ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი;
- იეჟი ბუზეკი — პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი;
- ანიბალ კავაკუ სილვა — პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი;
- საული ნიინისტე — ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი;
- პიეტრო პაროლინი — კარდინალი და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი;
- მერი რობინსონი — ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი და გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში;
- მაია სანდუ — მოლდოვის პრეზიდენტი;
- ხავიერ სოლანა — ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში;
- ვოლფგანგ შიუსელი — ავსტრიის ყოფილი ფედერალური კანცლერი;
- ჟან-კლოდ ტრიშე — ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
ევროპული ღირსების ორდენის რიგითი წევრები გახდნენ:
- ხოსე ანდრესი — შეფ-მზარეული და არასამთავრობო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის დამფუძნებელი;
- იანის ანტეტოკუნმპო — კალათბურთელი;
- მარკ ჯიდარა — იურისტი და მეცნიერი;
- სანდრა ლეინიეცე — ლატვიელი ექიმი, მეცნიერი და აკადემიური ლიდერი;
- ოლექსანდრა მატვიჩუკი — უკრაინელი უფლებადამცველი იურისტი;
- ვივიან რედინგი — ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ყოფილი წევრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი;
- ბონო, ჯგუფ U2-ს წევრებთან (The Edge, ადამ კლეიტონი და ლარი მალენ უმცროსი) ერთად.
სამშაბათს, ევროპარლამენტში გამართულ დაჯილდოებას 20 ლაურეატიდან 13 ესწრებოდა, მათ შორის ლეხ ვალესა — ის ევროპარლამენტში წარსდგა თეთრი პერანგით, რომელზეც ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ხატი, უკრაინის დროშა და მოძრაობა „სოლიდარობის“ დასახელება იყო დატანილი.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ღირსების ორდენი მოლდოველ ხალხს ეკუთვნის და ევროკავშირს მოუწოდა, წინ წაწიოს მისი ქვეყანა გაწევრიანების გზაზე.
აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია მერკელის კანდიდატურამ.
„ანგელა მერკელისთვის ევროპის დამსახურების ორდენის მინიჭება სირცხვილია — მისმა პოლიტიკამ გააღრმავა ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, ხელი შეუწყო უკრაინაში ომის დაწყებას, გამოიწვია მიგრაციული კრიზისი და ხშირად ემსახურებოდა გერმანიის ინტერესებს დაბალანსებული ევროპის ხარჯზე“, — დაწერა X-ზე არკადიუშ მულარჩიკმა, პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების მოძრაობიდან.
დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტს ორდენი მოგვიანებით გადაეცემა.
