ახალი ამბები

საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ — მერკელი პუტინზე, უკრაინასა და საქართველოზე

8 ივნისი, 2022 • 2755
საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ — მერკელი პუტინზე, უკრაინასა და საქართველოზე

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ არ აპირებს, ბოდიში მოიხადოს რუსეთთან დაკავშირებით თავის პოლიტიკაზე და არ არის პასუხისმგებელი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ვრცელ ინტერვიუში ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიამიტურად არ უყურებდა.  „დიპლომატია მცდარი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ არ იმუშავა“, — თქვა მან.

„ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, რომ მეთქვა: „აზრი არ აქვს ამ კაცთან [პუტინთან] ლაპარაკს“… უდიდესი ტრაგედიაა, რომ ამან არ იმუშავა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ“, — განაცხადა მერკელმა.

მერკელმა ასევე დაიცვა თავისი პოზიცია 2008 წლისთვის უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები მომავალში გახდებიან ნატოს წევრები, თუმცა უარი უთხრა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიღებაზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ქალაქ ბუჩაში რუსეთის მძიმე დანაშაულების აღმოჩენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ზელენსკის თანახმად, მათ არასწორი გათვლები ჰქონდათ რუსეთთან და პუტინთა დაკავშირებით, რამაც რუსეთი გაათამამა.

ახალ ინტერვიუში მერკელი აცხადებს, რომ თუკი ნატო საქართველოსა და უკრაინას მიიღებდა, ვლადიმერ პუტინი „უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა უკრაინას“.

მან გაიხსენა, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, – მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, – რუსეთი 6 თვეში შეიჭრა საქართველოში. მერკელმა წევრობის/მაპის არმინიჭების საფუძვლად უკრაინაში „სისტემური კორუფციაც“ დაასახელა.

„პრეზიდენტი ზელენსკი მედგრად იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ უკრაინა ოლიგარქების მართული ქვეყანა იყო. ეგეთ დროს არ შეიძლება თქვა, „კარგი, [ერთ დღეში] შევიყვან მათ ნატოში“. ეს არ იყო დღევანდელი უკრაინა. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან, ძალიან დაყოფილი იყო პოლიტიკურად. ის არ იყო სტაბილური დემოკრატია. და როცა ქვეყანას ნატოში იღებ, – და მაპის მინიჭება ამის ცხადი დასტურია, – უნდა იცოდე, რომ ამ დროს მზად უნდა ვიყოთ ასეთი ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა მან.

„მეორეც, განაცხადა მერკელმა, მე ძლიერ დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი არ დაუშვებდა ამას. მისი პერსპექტივიდან ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“, – თქვა ანგელა მერკელმა. მან ასევე განაცხადა, რომ მართალია, არ ეთანხმებოდა პუტინს, თუმცა იცოდა, როგორ ფიქრობდა იგი და არ სურდა მისი „კიდევ უფრო პროვოცირება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი